პარტია „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ გურიაში რეგიონული ოფისი გახსნა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, გურიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარტიული სტრუქტურების გაძლიერებაზე საქართველოს მასშტაბით. გურიას აქვს უნიკალური შესაძლებლობები, როგორც საზღვაო ასევე სამთო კურორტები. აქვს ტრადიციული სოფლის მეურნეობის დარგები, რომელთა აღორძინების შედეგად შესაძლებელია, რომ რეგიონი სწრაფად განვითარდეს, ადგილობრივ მოსახლეობაში შევიდეს კეთილდღეობა. ამ ყველაფრისთვის კი ჩვენ გვჭირდება ნეიტრალური სტატუსი, რომელიც არის ყველაზე რეალისტური გზა მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, ბიძინა გიორგობიანის თქმით, მოსახლეობაში დიდია ინტერესი ნეიტრალიტეტის იდეის მიმართ.
„ყველა რეგიონალური წარმომადგენლობის გახსნის შემდეგ ჩვენ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ ნეიტრალური მოძრაობა, როგორც პოლიტიკური პარტია, ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება, ძალიან დიდია ინტერესი თვითონ ამ პარტიისა და იდეის მიმართ. ვფიქრობ უახლოეს ერთ თვეში დარჩენილ ორ წარმომადგენლობასაც გავხსნით და შემდეგ უკვე გადავალთ რაიონებში წარმომადგენლობების გახსნაზე“, – აღნიშნა გიორგობიანმმა.
