ეს არის უკრაინის საკითხი, უკრაინის გადასაწყვეტი და ისინი მიუდგებიან შესაბამისად, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ჟურნალისტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
იან კელის განმარტებით, ზოგადად, ამგვარ საკითხებს ამერიკის შეერთებული შტატები უყურებს საერთაშორისო ვალდებულების და საერთაშორისო სამართლის ჭრილში.
”რაც შეეხება მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს. ეს არის მიმდინარე სამართლებრივი საქმე და ზოგადად ამ საკითხზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ. რაც შეეხება ზოგადად ამერიკის გადმოსახედიდან აღნიშნულ საკითხებზე შეხედულებას, ჩვენ ამას შევხედავდით, როგორც საერთაშორისო ვალდებულების, საერთაშორისო სამართლის და არსებული სამართლებრივი სისტემის ჭრილში. რაც შეეხება ამ კონკრეტულ მოქმედებას, ეს არის უკრაინის საკითხი, უკრაინის ქვეყნის გადასაწყვეტი და ისინი მიუდგებიან შესაბამისად”, – განაცხადა იან კელიმ.