მეამაყება, რომ ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან ერთად ვემსახურები ჩემს სამშობლოს და მასთან ერთად ვარ ქვეყნისა და ხალხის სამსახურში – ეს განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტის და მისი წარმომადგენლების თავხედობა გამოწვეულია ორი მიზეზით – პირველი, ეს არის პრეზიდენტ მარგველაშვილის პიროვნული გაღიზიანება, ხოლო მეორე – კონსტიტუციისა და კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაცია:
”პირველ შემთხვევაში გაღიზიანება გამოწვეულია მათივე არაკომპეტენტურობით. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა პირდაპირ ეთერში დამჯდარიყო ირაკლი კობახიძესთან ერთად კონსტიტუციაზე სასაუბროდ. ასევე ბოლო ვეტოებთან დაკავშირებით ის გააღიზიანა ირაკლი კობახიძის ამომწურავმა არგუმენტებმა, რასაც ვერაფერი დაუპირისპირეს და საპასუხოდ მხოლოდ ლანძღვის ნიაღვარი ვნახეთ. რაც შეეხება მეორე მიზეზს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პრეზიდენტი ენერგიას არ იშურებს, ”ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად მწვავე დარტყმები მიაყენოს საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ისტორიული კონსტიტუციური რეფორმა და მისი თანმდევი პოზიტიური პროცესები, რომელმაც ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თვისობრივად სხვა ქვეყანაში ცხოვრება უნდა უზრუნველყოს. როდესაც მსგავს პროცესებს, არგუმენტების ნაცვლად, ულტიმატუმებს, შეთქმულების თეორიებს და ლანძღა-გინებას უპირისპირებენ, ეს ყველაფერი მხოლოდ წარმატებაზე მიუთითებს”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.