გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში ჭიათურის მუნიციპალიტეტში სამართალდარღვევა გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ ითხვისში, მოქალაქეს არარეგისტრირებული ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჰქონდა დამონტაჟებული.
მათივე ცნობით, უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის, მათ შორის „წითელი ნუსხით“ დაცული კაკლის, დაახლოებით 3 კუბური მეტრი მოცულობის დახერხილი მასალა და საშეშე მერქანი.
„ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 8 თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1124 ფაქტი გამოავლინეს. ამ პერიოდში დალუქულია 47 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
მხოლოდ იმერეთში კი, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ტყით უკანონო სარგებლობის 152 ფაქტი დაფიქსირდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ, რათა დროულად მოხდეს ტყით უკანონო სარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების აღკვეთა, გამოვლენა და პრევენცია. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
