ქვეშეთი-კობის ახალი გზის მშენებლობის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს თაღოვანი ხიდის მშენებლობა, რომლის სიგრძე 400 მეტრზე მეტია, ხოლო სიმაღლე ხეობის ფსკერიდან – 166 მეტრი. ხიდის თაღის სიგრძე 300 მეტრია და ამ მასშტაბის თაღოვან ხიდს საქართველოში ანალოგი არ აქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თაღოვანი ხიდი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობაა. თაღის ორი ნაწილის შეერთება ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება. თაღის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასზე ხიდის ბურჯები, შემდეგ კი მალის ნაშენი მოეწყობა.
„ქვეშეთი-კობის პროექტი ითვალისწინებს 23 კილომეტრიანი, ორზოლიანი ასფალტბეტონის გზის, 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას, ასევე ერთი არსებული ხიდის რეაბილიტაციას. ხუთი ახალი ხიდიდან ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, ერთის მშენებლობა კი დასრულებულია.
დასრულებულია ცხრაკილომეტრიანი ძირითადი და ამავე სიგრძის საევაკუაციო გვირაბების გაჭრა. ძირითად გვირაბში დასრულებულია სავენტილაციო ფილების დამზადება, ხოლო საევაკუაციო გვირაბში – რკინაბეტონით მოპირკეთება. ამ ეტაპზე ელექტრომექანიკური სისტემების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე დასრულებულია 1,5 კილომეტრიანი და 500 მეტრიანი გვირაბების გაყვანა და რკინაბეტონით მოპირკეთება.
ახალი გზა კობის მიმართულებით გადაადგილების უსაფრთხოებასა და საიმედოობას გაზრდის და ზამთარში მოძრაობის შეზღუდვის პრობლემის გადაჭრას შეუწყობს ხელს. ხადის ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობისთვის გაუმჯობესდება მთელი წლის განმავლობაში გადაადგილებისა და საჭირო მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა.
პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტის, აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ხორციელდება. მისი საერთო ღირებულება 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს“,- აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
