საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან ტანზანიაში ვიზიტი შეაფასა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები.
„დებატებში მონაწილეობასთან ერთად გვაქვს შესაძლებლობა ორმხრივი შეხვედრებიც გავმართოთ. უკვე გვქონდა ტანზანიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა. დღის განმავლობაში შევხვდებით დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელთანაც ორმხრივ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ.
გუშინ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა ეხებოდა გარე ჩარევებსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს. ამავე თემას ეხებოდა ჩემი გამოსვლაც, ასე რომ დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ ამ თემაზეც ვისაუბროთ, ვინაიდან როგორც ჩანს ჩვენ მსგავსად ვხედავთ გარე ჩარევების საფრთხეებს.
მიმდინარე ასამბლეაზე ახალ წევრად მივიღეთ ნაურუს პარლამენტი და დღეს შესაძლებლობა მექნება ნაურუს პარლამენტის თავმჯდომარეს შევხვდე მას შემდეგ, რაც მათ გააუქმეს დიპლომატიური ურთიერთობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან. ასე რომ მექნება შესაძლებლობა პარლამენტის თავმჯდომარესთან ამაზე ვისაუბრო და მადლობა გადავუხადო იმ გადაწყვეტილებისთვის, რომ უკან წაიღეს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გადაწყვეტილება, რაც გზას გახსნის ორმხრივი თანამშრომლობისთვის“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
