საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში შეპარვას ან ვინმეს საბარგულით შესვლას არ აპირებს.
ამის შესახებ მან „ფეისბუქში“ საკუთარ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
“მე ღიად ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ უკრაინაში შეპარვას ან ვინმეს საბარგულით შესვლას. იმისთვის არ მიშრომია და არ მიცხოვრია, რომ სადმე საბარგულით შევიპარო. მე არ ვიცი, რა საფრთხეს წარმოვადგენ პოროშენკოსთვის, მაგრამ როგორც ჩანს, მართლაც ამ ოლიგარქებისთვის დიდ საფრთხეს წარმოვადგენ და არც ვაპირებ, იმედი გავუცრუო მათ. მე წავალ სასამართლოში, რადგან პოროშენკომ ყველანაირი კანონი დაარღვია, უკრაინის კანონმდებლობაც და საერთაშორისო სამართლის ნორმებიც. მე მზად ვარ, წარვდგე უკრაინის სასამართლოს წინაშე.
მე ვცხოვრობ უკრაინაში, ჩემი სახლი უკრაინაშია, მე ვარ ერთ-ერთი უკრაინული მოძრაობის შექმნის ინიციატორი, ჩემი ნივთები უკრაინაშია, ჩემი მეგობრები უკრაინაში ცხოვრობენ და მართალია, მე წამართვეს ყველაფერი არაადამიანურად და არაკაცურად, მაგრამ გადავიტან. ბევრი უკრაინელი მწერს, რომ მზად არიან მიმიღონ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის უკრაინაში 10 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიიდან გეგმავს შესვლას.