”მგონი, მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, არ ვიცი, 300 ათასი დაზარალებული რას მოიმოქმედებს”, – ამ განცხადებას პარლამენტის ყოფილი წევრი დათო ლორთქიფანიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აკეთებს:
„რუსმა ჰაკერებმა ლექსუსმა და ვოვანმა თითქოსდა საქართველოს შს მინისტრს ავაკოვის სახელით დაურეკეს და ესაუბრნენ. ვინც იცის ქვეყნის მართვის ელემენტარული მექანიზმები, ასეთი დონის საუბრები დაცული კავშირების გარეშე აბსოლუტურად გამორიცხულია, ასე რომ, ვიღაც მოქალაქემ დაურეკოს მეორე სახელმწიფოს შს მინისტრს და ესაუბროს, აბსოლუტურად გამორიცხულია. ვისაუბროთ იმაზე, ეს ვისთან შეიძლება იყოს კავშირში. ეს კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან. როგორც გამოჩნდა, მასაც ესაუბრნენ და სააკაშვილმა ივაჟკაცა მათთან საუბარში და თავისი პოზიციებიც დააფიქსირა. ეს არის ერთი სქემა. ეს საუბარი იცოდა მიხეილ სააკაშვილმა და ამას შემდგომ თითქოს მოჰყვა საქართველოს შს მინისტრთან საუბარი. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მორიგი პიარ აქცია. მისი ჭკუით, მთელ მსოფლიოს გააგებინა, თითქოს მას ებრძვის ორი სახელმწიფო, უკრაინა და საქართველო – თითქოს, თუ ის საქართველოში ჩამოვა, ქვეყანაში დაიწყება არეულობა და დესტაბილიზაცია. თითქოს ჩვენს ხელისუფლებას ამის ეშინია. ეს არის სრულიად არასერიოზული განცხადება. მიხეილ სააკაშვილი იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი, თუ მან დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. მგონი, მიხეილ სააკაშვილს დაავიწყდა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში, არ ვიცი, 300 ათასი დაზარალებული რას მოიმოქმედებს.
საზოგადოება სააკაშვილის გუნდის ლიდერების დასჯას მოითხოვს. ხალხს მეხსიერება დაბინდული არ აქვს. შეგვიძლია არქივიდან ამოვიღოთ კადრები, სადაც სააკაშვილმა თვითონ აღიარა, რომ აფრასიძეების ჩახოცვის ბრძანება მან მისცა შს მინისტრ გიორგი ბარამიძეს. დანაშაულის ამაზე მეტი აღიარება რა უნდა იყოს პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც ტელევიზიის პირდაპირ ეთერში აღიარა დანაშაული. ასეთი ბევრი აღიარება აქვს და უფრო მეტი აქვს გაკეთებული. ამიტომ ითხოვს საზოგადოება, რომ სააკაშვილმა პასუხის აგოს. სააკაშვილს ჰყავს თავისი მხარდამჭერები, რადგან ბოლომდე ვერ დარწმუნდნენ ნაცების მხარდამჭერები, რომ მათი ლიდერები კრიმინალები არიან. ამიტომ აკეთებენ ასეთ განცხადებებს.
ამას წინათ ტელეეთერში ისხდნენ ბენო ქაშაკაშვილი, რომელიც ხელისუფლების პოზიციას იცავდა და ნაცმოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და ნაცდეპუტატ ბოკუჩავას პირველი ნახევარი კოტე იოსელიანი. იოსელიანი ბენო ქაშაკაშვილს ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ეუბნება, აბსოლუტურად სასაცილო ხარო. არ ვიცი, ეს რა დამოკიდებულებაა. შეიძლება ბენო ქაშაკაშვილი დიდი პოლიტიკოსი არ არის, მაგრამ ჩამოყალიბებული ადამიანი, ბიზნესმენი, ცნობილი მთამსვლელია და ამ ადამიანს ტელეეთერით რომ ეუბნები, სრულიად სასაცილო ხარო, ჩანს, ეს ადამიანები რაოდენ თავხედები არიან, როგორ გადადიან ზღვარს და როგორ ცდილობენ, საზოგადოება თავის სიძლიერეში დაარწმუნონ. მათ პასუხი რომ არ აგეს, ამიტომ არიან ასე გათავხედებული და არავის შეურაცხყოფას არ ერიდებიან”, – აცხადებს ლორთქიფანიძე.
წყარო: ახალი თაობა