ოპოზიციის მხრიდან რა განცხადებებიც გვესმის, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, რუსეთისთვის ხანძრის ჩაქრობაში დახმარების მოთხოვნის თაობაზე ოპოზიციის მხრიდან გაკეთებული შეფასებების საპასუხოდ აღნიშნა.
ჯანელიძე განმარტავს, რომ საერთაშორისო ფორმატში მოთხოვნილი დახმარების შემდეგ, ასევე საჭიროა ორმხრივი კომუნიკაცია და მოთხოვნები.
„საქართველოს მთავრობა მუშაობს შეთანხმებულად და კოორდინირებულად. ძალიან მაღალი დონის კოორდინაცია იყო ასევე ბორჯომის ხანძრის დროსაც და, შესაბამისად, ყველა უწყება მუშაობდა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, იმისთვის, რომ ყველა რესურსი ყოფილიყო გამოძებნილი ამ სტიქიურ უბედურებასთან გასამკლავებლად. ჩვენ ყველა არხი გამოვიყენეთ, როგორც შსს-მ, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რათა მოგვეძიებინა შესაბამისი ტექნიკური დახმარება და ტექნიკა, რომ განსაზღვრულიყო, თუ რა რესურსი გაგვაჩნია და რა დამატებითი რესურსი შეიძლებოდა მოზიდულიყო, რათა გამწვავების შემთხვევაში გავმკლავებოდით ამ სიტუაციას. ჩვენ რეზერვში ყველა ის რესურსი გვქონდა მობილიზებული, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებულიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ გამოვიყენეთ საერთაშორისო ფორმატები და ორმხრივი ფორმატები, იმისთვის რომ ყველა შესაძლო ტექნიკა გვქონოდა მობილიზებული“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ “იმედის” ეთერში.
მისი შეფასებით, ამასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებები უპასუხისმგებლოა.
„ოპოზიციის მხრიდან რა განცხადებებიც გვესმის, ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებები. ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ იქნება პასუხისმგებელი თავის ქვეყანაზე, როცა ის მოვა, ასე ვთქვათ, ხელისუფლებაში და მაშინ აგოს მან პასუხი თითოეული კრიზისული სიტუაციის გადალახვაზე“, – აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.