ამერიკელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტის შესრულებაში.
აშშ-ის საელჩოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და აშშ-ის საელჩოს ორგანიზებით, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ქართულ-ამერიკული ორმხრივი დიალოგი გაიმართა.
შეხვედრის პირველი ნაწილი ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების კონტრაბანდის წინააღმდეგ საქართველო – აშშ-ის ერთობლივი სამოქმედო გეგმის პროგრესის განხილვას დაეთმო, მეორე ნაწილში კი შესაბამისმა უწყებებმა აღნიშნულ სფეროში მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე პრეზენტაციები წარადგინეს.
ამერიკელი პარტნიორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სამოქმედო გეგმის ყველა კომპონენტის შესრულებაში. მათ სურვილი გამოთქვეს გაცნობოდნენ წარმატებულ ქართულ გამოცდილებას ბირთვული და რადიოაქტიური მასალების უკანონო ბრუნვის ფაქტების გამოვლენის, მათზე რეაგირების, ამ მასალების ამოღების, უსაფრთხო განთავსებისა და აღნიშნული ფაქტების გამოძიების სფეროში.
ღონისძიებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების, მთავარი პროკურატურის, ფიზიკის ინსტიტუტის, აშშ-ის საელჩოს, აშშ-ს სახელმწიფო და ენერგეტიკის დეპარტამენტების და გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
აშშ-სთან პარტნიორობის პარალელურად, საქართველო ასევე აქტიურად მონაწილეობს ბირთვული უსაფრთხოებისა და გაუვრცელებლობის საერთაშორისო ძალისხმევაში, მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან, გაეროსთან, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან და შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან.