კომპანია „ასორტი ვერე“ არ ენდობა სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს, რომლის მიხედვითაც რუსთავის 24-ე სკოლის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ასორტი ვერეს“ კრემიანი ნამცხვრებით მოიწამლნენ. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ისინი ალტერნატიული კვლევის ჩატარებას აპირებენ.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„კომპანია “ასორტი ვერე” კატეგორიულად არ ეთანხმება სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ კვლევის შედეგად საკონდიტრო ნაწარმში გამოვლინდა მიკრობიოლოგიური პარამეტრების დარღვევა. ინფორმაცია არ არის დადასტურებული, რადგან კომპანიას აქვს გასაჩივრებისათვის 10 დღის ვადა. კომპანია ითხოვს საჯაროდ გამოქვეყნდეს იყო თუ არა რესტორანი “ბერმუხიდან” აღებული არსებული საკვების ნიმუშები და ჩაუტარდათ თუ არა მათ მიკრობიოლოგიური კვლევა. “ასორტი-ვერე” სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არ ენდობა სურსათის უვნებლობის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებს, აპირებს ალტერნატიული კვლევის ჩატარებას პარალელურად ორ დამოუკიდებელ აკრედიტირებულ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში და შედეგები გასაჯაროვდება, რის შედეგადაც სურსათის უვნებლობის სამსახურს მოუწევს საჯაროდ ბოდიშის მოხდა და კომპანია “ასორტი-ვერესთვის” მიყენებული ზარალის ანაზღაურება“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ გაცხადებაში.
ცნობისათვის, კომპანია „ასორტი ვერე“ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რუსთავის 24 -ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ფაქტზე დაადანაშაულა და კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მოკვლევისას დადგინდა, რომ რესტორანში საკონდიტრო ნაწარმი (კრემიანი ნამცხვრები) შეტანილი იყო შპს „ასორტი ვერეს“ საკონდიტრო წარმოებიდან.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა საკონდიტროში ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება, აიღეს საკონდიტრო ნაწარმის ნიმუში, რომელიც კვლევისთვის ლაბორატორიას გადაუგზავნეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური პარამეტრების დარღვევა, კერძოდ: დასაშვებ ნორმაზე მეტი ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, საფუარი და ობის სოკოები. გამოვლენილი დარღვევების გამო შპს „ასორტი ვერეს” საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომპანია “ასორტი ვერე“ სურსათის ეროვნულ სააგენტოს პასუხობს
2016/06/28 23:33:22
კომენტარები
ნანახია: 2917 ჯერ