“სააკაშვილის მითითებით აწამეს ჩემი შვილი” – ეს განცხადება რამდენიმე წლის წინ, ჟურნალ “გზისთვის” მიცემულ ინტერვიუში სულხან მოლაშვილის მამამ თამაზ მოლაშვილმა გააკეთა.
სულხანს დასდევდნენ; არ გვჯეროდა, რომ დაიჭერდნენ. ერთი ახლობელი მივიდა ბოკერიასთან და ჰკითხა, – რატომ დაჰყვებიან კუდშიო? მაშინ მან დასაჭერი ადამიანების სია უჩვენა, რომელშიც სულხანიც ეწერა. ბევრმა უთხრა ჩემს შვილს, – წადი, თორემ დაგიჭერენო, – მაგრამ პრინციპული ბიჭია, თანაც იცოდა არავითარი დანაშაული არ ჰქონდა ჩადენილი და არ წავიდა. ის პატრიარქთან მივიდა, რომელმაც დალოცა. იქიდან პროკურატურაში, ირაკლი ოქრუაშვილთან თავისი ფეხით მივიდა. ოქრუაშვილს უთქვამს, – ყველაფერი ქალაქის პროკურატურის ამბავიაო… იქაც თავისი ფეხით მისული სულხანი იმ საღამოს დააპატიმრეს… თუ ოდესმე სასამართლოს უსუსურობის, დაკვეთის ნიმუში დასჭირდა ვინმეს, ამის მაგალითია სულხანის სასამართლო; ყველა სხდო¬მა ჩაწერილი მაქვს და უკეთეს ნიმუშს ვერ ნახავენ… სააკაშვილი ამბობს, – პირველად მესმის, პატიმრების ცემა-წამება თუ ხდებოდა ციხეებშიო. არ არის ეს დაცინვა?! ამის მაგალითი სულხანის საშინელი წამება არ იყო? კონკრეტულად მისი მითითებით აწამეს სულხან მოლაშვილი! მაშინ 148 ინტელიგენტმა მოაწერა ხელი მიმართვას მისი გათავისუფლების მოთხოვნით და სწორედ იმ ხალხს უწოდა სააკაშვილმა “ჩარეცხილები”. სულხანმა სააკაშვილი მისი იუსტიციის მინისტრობის დროს დიდი დილემის წინაშე დააყენა და მერე ასე იძია მასზე შური… სულხანი ქურდების საკანშიც შეაგდეს იმ იმედით, რომ მას ცუდად მოექცეოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ჩემს შვილს ციხეში C ჰეპატიტი შეეყარა. მერე ახალი ბრალდება შეუთითხნეს და იძულებული გახადეს, საქართველოდან წასულიყო. ჩემი უბედურება ის არის, რომ ჩემი ერთი შვილი საქართველოდან გადახვეწეს, მეორე ციხეში გამომიკეტეს. რაღაა ჩემი ცხოვრება?! ეს ტანჯვა კი პირადად მიშა სააკაშვილმა მომაყენა!..