პარლამენტის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა თბილისში ჩამოფრინდა.
კიევის რეისით თბილისში ჩამოსულმა ზვიად კუპრავამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, რომ ტრანზიტული რეისით უკრაინიდან ჩამოფრინდა, მაგრამ კიევში არ ყოფილა.
მან ჟურნალისტებთან იხუმრა და განაცხადა, რომ ტიბეტში იყო, სადაც დალაი-ლამას შეხვდა.
პირველი არხის ჟურნალისტის შეკითხვას, რა მითითებები, დავალებები, თუ რჩევები მიიღო მან დალაი-ლამასგან, კუპრავამ განცახადა, რომ ტიბეტელი მემანქანეების გაფიცვის ორგანიზება დაევალა.
„ტიბეტში ვიყავი, დალაი-ლამას შევხვდი და მისივე თხოვნით, სათავეში ვუდგები იქაური მემანქანეების გაფიცვას. კიევში არ ვიყავი, ტრანზიტით ვიყავი მხოლოდ კიევში, უკრაინის საზღვარი არ გადამიკვეთავს, უკრაინაში ვიყავი მხოლოდ ნეიტრალურ ზონაში, ვინაიდან თვითმფრინავს ველოდებოდი. ევროპაში ვიყავი, მაგრამ ამსტერდამში – არა“, – განაცხადა კუპრავამ.
შეკითხვას, შეხვდა თუ არა ის უცხოეთში მყოფ ყოფილ ქართველ მაღალჩინოსნებს, კუპრავამ აღნიშნა, რომ არ ადასტურებს ამ ცნობებს და დეტალებზე რუსთაველზე ისაუბრებს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად კუპრავა კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდა.
წყარო: 1tv.ge