ევროკავშირის დროშა ეს არ არის უბრალოდ დროშა, რომელიც ამა თუ იმ შენობის წინ არის აღმართული, ეს არის კონსტიტუციით განსაზღვრული ქართველი ხალხის არჩევანი. ძალიან მნიშვნელოვანია შევძლოთ ბოლომდე დავიცვათ ეს არჩევანი და გარკვეული ჯგუფების მიერ ასეთი ვანდალური ქმედებით მიყენებულ ზიანის მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ კახა კუჭავამ „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ გაიხსენა როგორ აღმართა პარლამენტის შენობის წინ ევროკავშირის დროშა და იმ კანონპროექტზეც ისაუბრა, რომელიც პარლამენტში სიმბოლიკის დასაცავად დარეგისტრირდა.
„როდესაც მეორე დღესვე ჩემს იურისტებთან ერთად მოვიკითხე რა სამართლებრივი საფუძვლები არსებობდა მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ, აღმოჩნდა, რომ საკანონმდებლო ბაზაში მსგავსი არაფერი გვაქვს. სხვათა შორის, საერთაშორისო პრაქტიკაც მოვიკითხეთ და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში ასეთი ფაქტი რომ მოხდა, შემდეგ მიიღეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომ დაეცვათ დროშა და სიმბოლიკა. ბაზა შევისწავლეთ, მოვამზადეთ კანონპროექტი, რომელიც დარეგისტრირდა. და ძალიან მიხარია, რომ ის არის ერთი პატარა ჯგუფის მიერ დარეგისტრირებული, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი იღებს მონაწილეობას ამ კანონპროექტის შემუშავებაში“, – განაცხადა კუჭავამ.
6 ივლისს ევროკავშირის დროშა პარლამენტთან „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეებმა ჩამოხსნეს. მეორე დილას კახა კუჭავამ დროშა ისევ აღმართა. 21 ივლისს კი პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციური ფრაქციების ლიდერებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებაზე, რომლებთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს, ფულადი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.