ხომ ვხედავთ რაც ხდება. ბავშვები გამოჰყავთ სკოლიდან. მე პირადად მაქვს ინფორმაცია, რომ მაღალი კლასის მოწაფეებს, ერთ-ერთ სკოლაში კონკრეტულმა მასწავლებელმა დაავალა, რომ სიუჟეტი გადაიღონ ამ მიტინგებზე და აქედან გამომდინარე შეფასდება მათი კრეატივი და შემდეგ საზღვარგარეთ იქნება წარდგენილი მათი ნამუშევარი, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, ეს ინფორმაცია გადასამოწმებელია, თუმცა ფაქტია, რომ აქციებზე მოსწავლეები გამოჰყავთ. მან ასევე ამ კონტექსტში ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაზე ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ არავინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები აქციებზე ფატალური შედეგის შემთხვევაში.
„რასაკვირველია, ჭიაბერაშვილის განცხადება არ არის ჰაერიდან მოტანილი. ეს არის განწყობა, რომელიც ამ გუნდში არსებობს, ეს არის სტრატეგია, რომელიც იმ წიგნებში წერია და ეს არის სურათი, რასაც ყოველდღე ვადევნებთ თვალყურს. ერთი მხრივ, წარმოიდგინეთ ახალგაზრდები, რომლებიც იქ ბურთს თამაშობენ, პოლიციელებს ყვავილებს ჩუქნიან და არის მეორე ჯგუფი ახალგაზრდებისა და შუა ხნის ბიჭებისა, რომლებიც ემზადებიან იმისთვის, რომ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ, ჩაამტვრიონ, ჩაანგრიონ და პოლიციელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რათა როგორმე გამოიწვიონ ფატალური შედეგი“, – ამბობს ვოლსკი.