“აშშ-ის კონგრესი ახალ ანტირუსულ სანქციებზე მუშაობს. ადრინდელზე უფრო მკაცრი შეზღუდვები, სავარაუდოდ, ნოემბრიდან ამოქმედდება. ამერიკელი კანონმდებლები დიდი ხანია აკრიტიკებენ პრეზიდენტ ტრამპს რუსეთის მიმართ ლოიალურობისა და თეთრი სახლის მიერ გამოცხადებული სანქციების არაეფექტურობის გამო”, – წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით რა შემთხვევაში მოაქცევს აშშ რუსეთს სრულ ფინანსურ ბლოკადაში / მალე, შესაძლოა, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ვეღარ დააფინანსოს.
“ამერიკის მხრიდან რუსეთის მიმართ აქამდე გამოცხადებული სანქციები დამაზარალებელი, მაგრამ არა დამანგრეველი აღმოჩნდა. მოსკოვმა დიდი ზიანი ყირიმის კრიზისის დაწყების დროს მიიღო – მაშინ რუსეთისთვის სტრატეგიული პროდუქტი, ნავთობი, გაიაფდა… ბოლო დროს ნავთობი გაძვირდა – ამან რუსეთს არა მარტო ამოსუნთქვის, არამედ მოგების მიღების საშუალებაც მისცა. ნავთობზე ფასების ახლანდელი ზრდა უკავშირდება თეთრი სახლის ინიციატივით ნავთობის ექსპორტიორი ირანის წინააღმდეგ შემოღებულ შეზღუდვებს. კონგრესმენები აპირებენ მიიღონ კანონპროექტები, რომლების ეხება ახალი გამოშვების რუსული ობლიგაციების შესყიდვის აკრძალვასა და რუსულ ბანკებში არსებული ანგარიშებისათვის პრობლემების შექმნა. რუსეთის მოქცევა სრულ ფინანსურ ბლოკადაში – ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსად – არ იგეგმება, თუმცა კონგრესი არც სრულ ფინანსურ ბლოკადაზე იტყვის უარს, თუ კრემლი მოახდენს ამერიკაში არჩევნების დესტაბილიზაციას ან ჩაატარებს სამხედრო ოპერაციებს. რუსეთის სამხედრო ოპერაციების მსხვერპლ სახელმწიფოებში, პირველ რიგში, საქართველო და უკრაინა იგულისხმება, ახალმა სანქციებმა საქართველო და უკრაინა ახალი აგრესიისგან უნდა დაიცვას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მოსალოდნელი სანქციები დიდ დარტყმას მიაყენებს რუსულ ბანკებს. რუსული ბანკები, თავის მხრივ, მუშაობენ დედოლარიზაციასა და სხვა დამცავ ზომებზე. სახელმწიფო დეპარტამენტი იმუქრება, რომ რუსეთს მკაცრ შეზღუდვებს დაუწესებს სკრიპალების მოწამვლის გამო. ამის საბაბი გახდა ის, რომ რუსეთმა უარი თქვა მისი ქიმიური იარაღის საცავების შესამოწმებლად უცხოელი მეთვალყურეების დაშვებაზე. სახელმწიფო დეპარტამენტის ამ მუქარამ მყისიერად გამოიწვია რუსული რუბლის კურსის ვარდნა. სკრიპალების გამო რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დამტკიცებას მოითხოვს დიდი ბრიტანეთი. მას არ ეთანხმებიან გერმანია და საფრანგეთი…”, – განაგრძობს გამოცემა.
“ევროკავშირმა გააგრძელა რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს შემოღებული სანქციები. ევროპელ ექსპერტებს, რომლებიც ტრამპის მონაწილეობით დადგენილ ანტირუსულ სანქციებს უშედეგოდ და არაეფექტიანად მიიჩნევენ, ამერიკის კონგრესის იმედი აქვთ. მათი აზრით, კრემლისთვის დიდი დარტყმა იქნება რუსეთის ბანკების მოწყვეტა დოლარებით ვაჭრობის სისტემიდან. ვაშინგტონის სანქციები ემუქრება სამხედრო თვითმფრინავების მწარმოებელ ავიაკონცერნ “სუხოის” – მანამდე ამერიკელი სპეციალისტები შეისწავლიან, მონაწილეობდნენ თუ არა რუსეთის სახლმწიფო კონცერნის გამანადგურებლები სირიაში განხორციელებულ ქიმიურ იერიშებში. ეფექტური სანქციები რუსეთს ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემებს მოუმრავლებს. მალე, შესაძლოა, რუსეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ვეღარც დააფინანსოს”, – წერს სტატიის ავტორი.