მაკედონიაში ქვეყნის სახელწოდების შეცვლის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარეობს. მაკედონიის სახელმწიფო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება 1 806 336 ადამიანს აქვს.
რეფერენდუმზე გატანილი კითხვა შემდეგნაირად ჟღერს – „ეთანხმებით თუ არა ევროკავშირსა და ნატო-ში შესვლას მაკედონიის რესპუბლიკასა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების მიღების საფუძველზე?“. მიმდინარე წლის 12 ივნისს მაკედონიის პრემიერ-მინისტრმა ზორან ზაევმა განაცხადა, რომ ათენი და სკოპიე შეთანხმდნენ სახელწოდებაზე „ჩრდილოეთ მაკედონია“. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის თქმით, ახალი სახელწოდება ნათლად წარმოაჩენს განსხვავებას საბერძნეთის პროვინცია მაკედონიასა და მაკედონიის რესპუბლიკას შორის.
რეფერენდუმის ოფიციალური წინასწარი შედეგები კი სახელმწიფო საარჩევნო კომისიამ უბნების დახურვიდან 24 საათში, საბოლოო შედეგები კი – 15 დღის ვადაში უნდა გამოაცხადოს. რეფერენდუმის მიმდინარეობას 12 000-მდე ადგილობრივი და 500-მდე უცხოელი სპეციალისტი დააკვირდება.
რეფერენდუმს საკონსულტაციო ხასიათი აქვს, თუმცა მაკედონიის კანონმდებლობით, მისი წარმატებისთვის აქტივობამ 50%-ს უნდა გადააჭარბოს.