აშშ-ის პირველი ლედის, მელანია ტრამპის ჩართულობით, დამატებით ცხრა უკრაინელი ბავშვი საკუთარ ოჯახებს დაუბრუნდა.
თეთრი სახლის განცხადებით, ეს ოჯახების გაერთიანების ძალისხმევის მეშვიდე ეტაპია და ამ დროისთვის ოჯახებში დაბრუნებული ბავშვების საერთო რაოდენობა 43-ს შეადგენს.
მელანია ტრამპის თქმით, პროცესი რუსეთისა და უკრაინის ლიდერების „სრული თანამშრომლობით“ განხორციელდა.
„მსოფლიოს ამ რეგიონში მცხოვრები ბავშვები, ისევე, როგორც ბავშვები ყველგან, ვერ შეძლებენ იმის გააზრებას, რატომ აქცია გეოგრაფიულმა საზღვრებმა და ხელისუფლებამ მათი ცხოვრება ომის საშინელებად. ჩვენი, როგორც უფროსების მორალური ვალდებულებაა, დავიცვათ ბავშვები ომისა და დაპირისპირებისგან, რათა მათ დავუბრუნოთ ცხოვრების ხალისი. კვლავაც მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელო ჩემი ჰუმანიტარული საქმიანობა და ხელი შევუწყო ოჯახების გაერთიანებას“, – განაცხადა მელანია ტრამპმა.
ბავშვების ოჯახებში დაბრუნების პროცესში მელანია ტრამპი 2025 წლის აგვისტოდან მონაწილეობს.
