ნატოს გენერალური მდივანი ოქტომბრის პირველ ნახევარში სერბეთს ესტუმრება. იენს სტოლტენბერგი მოლაპარაკებებს სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან გამართავს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ბელგრადში ალიანსის ლიდერის სავარაუდო ვიზიტის შესახებ ცნობები მას შემდეგ გავრცელდა, რაც 29 სექტემბერს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა.
2 დღის წინ კოსოვური სპეცრაზმის 60-მდე მებრძოლმა, სერბეთის საზღვართან ჰიდროელექტროსადგურის მახლობლად დაიკავა პოზიციები და მის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ეკოლოგიისა და სპორტის ცენტრშიც კი შევიდა. ამ მოვლენების შემდეგ, სერბეთის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა და ამ საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა გადაწყვიტა.
ასევე სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის ჯარის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. ამის მიზეზი ჩრდილოეთ კოსოვოსთან დაკავშირებული მდგომარეობაა.
სექტემბერის დასაწყისში სერბეთის პრეზიდენტმა კოსოვოს ლიდერთან შეხვედრა გააუქმა. ორ ლიდერს შორის შეხვედრის გაუქმების გამო ეჭვქვეშ დგება ორ ქვეყანას შორის ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობა.
ვუჩიჩმა დასძინა, რომ სერბეთს სურს მეგობრული ურთიერთობები ჰქონდეს კოსოვოსთან, მაგრამ არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას.
კოსოვომ 2008 წელს, ცალმხრივი წესით გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა. კოსოვოს სუვერენიტეტს არ აღიარებს სერბეთი, თუმცა როგოც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, ეს საკითხი თეორიულად შესაძლებელია რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.