„საიდან ფინანსდება დავით ბაქრაძის საარჩევნო კამპანია? – ვინ არიან თქვენი ძირითადი შემომწირველები და ამ კამპანიის ფარგლებში გაფინასებთ თუ არა დავით კეზერაშვილი? – ხშირად უკავშირებენ ხოლმე მის სახელს თქვენს პარტიას“ – ამ კითხვით მიმართა ტელეწამყვანმა ლევან ჩხაიძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას გადაცემაში „პირველები“, რესპონდენტმა შეკითხვას უპასუხა:
„სხვათაშორის ამას უკავშირებენ ხოლმე ჩვენი ყოფილი კოლეგები, თან ძალიან გაავებული ფორმით. თითქოს გაბოროტებული არიან – „აი „რახან მხარს არ მიჭერ, ამიტომ გესრვი ტალახს“ – ეს აბსოლუტურად არასწორია.
მე არსად არასდროს დამიმალავს, რომ დავით კეზერაშვილი ჩემი მეგობარია და ჩვენ მეგობრობა სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნისას არ დაგვიწყია, სტუდენტობის პერიოდიდან მოდის ეს… დიახ, ის არის ამ პარტიის გულშემატკივარი.
ძირითადად პარტია არსებობს ჩვენი დეპუტატების, საკრებულოს დეპუტატების და აქტიური გულშემატკივრების ხარჯზე,რაც აბსოლუტურად გამჭირვალეა.
მიხეილ სააკაშვილისგან განსახვავებით ნამდვილად არ დავიწყებ წუწუნს, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით სამ ძირითად აქტიურ პარტიას შორის („ქართული ოცნება“, ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“) ჩვენი პარტია სამწუხაროდ მესამე ადგილზეა“, -განაცხადა გიგი უგულავამ.