ისეთი განცდა მეუფლება, რომ აღარაფერი აღარ დარჩა იმ ძველიდან, სადაც თაობები წინაპრების ნაკვალევზე ამაყად დააბიჯებდნენ. დღეს კი, ბევრი ვირიშვილობით იწონებს თავს და სულაც არ აწუხებთ ეს მახინჯი “კომპლესი”, – ამის შესახებ ბიზნესმენი რაია ჯანხოთელი სოციალურ ქსელში წერს.
“ყველა ოჯახში შეაღწია სიძულვილით სავსე ქართულმა პოლიტიკამ. ძმა ძმას გადაემტერა, დედა-შვილს, შვილი მშობელს… ქვეყანასავით დაიშალა და დაქუცმაცდა ერთ ჭერქვეშ მყოფი მოყვასთა ცნობიერება.
რა/ვინ გადაგვარჩენს ან/და გვიშველის ამ ყოფისაგან. ადრე, “თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი”-ს დაემატა და გაუსწრო შინა მტრებმა და ისეთი სიძულვილით განაწყო საკუთარი ერის და რჯულის წინააღმდეგ, სახელსაც, რომ ვერ დაარქმევ. ვერც უძველეს და ვერც უახლეს ქართულ ისტორიაში ვერ იპოვი ანალოგს, ერის მსგავსი დეგრადაციის.
ებრძვიან ყოველივეს, რაც მათ ვიწრო პირად ინტერესებში არ ზის. ამბიცია და დაუკმაყოფილებელი ჟინი, მხოლოდ სკამებისა და მომხვეჭელობისკენ. სურვილი-მეტად და მეტად ავნონ ყვეყანას და ხალხს. ფეხქვეშ აცლიან ნიადაგს საკუთარ შვილებს-იმ თაობებს, მერე რომ მამაზე უკეთესი ვერ იზრდება შვილი…!
ისეთი განცდა მეუფლება, რომ აღარაფერი აღარ დარჩა იმ ძველიდან, სადაც თაობები წინაპრების ნაკვალევზე ამაყად დააბიჯებდნენ. დღეს კი, ბევრი ვირიშვილობით იწონებს თავს და სულაც არ აწუხებთ ეს მახინჯი “კომპლესი”.
სრულიად მოშლილია ახალგაზრდა თაობებში ქვეყნის სიყვარულის და პატრიოტიზმის მცნება. არადა, ჩვენი ქვეყანა, თავისი გეო პოლიტიკური მდებარეობით, ყველა მხრიდან გიენებითაა გარშემორტყმული. ათასი ბოროტი თვალი მისჩერებია და ასეთ მოცემულობაში ახალგაზრდა თაობა აუცილებლად უნდა იზრდებოდეს მისი ქვეყნის სიყვარულის, თავდადების და თავდაცვის სულისკვეთებით, სხვანაირად არაფერი გვეშველება!
თუ გამოჩნდა და გამოერია ერში ჭკვიანი, ქვეყანაზე და მის ხალხზე გულანთებული ადამიანი, ყველანაირი ბინძური ხერხით, ხილულით თუ უხილავით, ქვების სროლით იმეტებენ გოლგოთისათვის. ესაა ქართული რეალობა-გაუტანლობა, სიძულვილი, შური, ბოღმა და ვინ მოთვლის რამდენი სისაძაგლე და ბოროტებაა ერთად თავმოყრილი. უფსკრულისაკენ მიექანება გათითოკაცებული და ფსიქიკურად შერყეული ერი, რომელსაც საკუთარი ამბიციების გარდა არავინ და არაფერი ახსოვს. (არავინ ფიქრობს, ამ შოკური მდგომარეობიდან გამოსავალზე).
აღარ შევალ ისტორიის სიღრმეებში, რაც მხოლოდ წიგნებში წამიკითხავს და თვალით არ მინახავს არაფერს ვიტყვი იმ პერიოდზე.(ვინ ვარ რომ “განვსაჯო”…)!
მაგრამ 40 წელი, რა პროცესებსაც ახლოდან ვხედავ და საკუთარი ყურით ვისმენ, ვაკვირდები და ვაანალიზებ,
ვრწმუნდები, რომ ძალიან კრიტიკულ მომენტებში ერმა, ვერცერთ პერიოდში, ვერ შეძლო ღირსების შენარჩუნება. ერთმანეთის დაჭმას, გაუტანლობას, წაქცეულზე წიხლს, ღვარძლს, ბოღმას, შურს, ძირის გამოთხრას, სვავებივით კორტნას ვერ გადაეჩვია ერი.
ცხოვრებისეული სირთულეები და „ცოდვის კითხვა“ წარმოადგენს იმ ლაკმუსის ქაღალდს, რომელმაც ზედაპირზე ამოატივტივა ნაგავი და თვალხილულს დაგვანახა, ვინ რა/როგორი ყოფილა!
არაფერი ახალი, უბრალოდ ძალიან მტკივნეულია, როცა ხედავ, რომ ადამიანები ზუსტად ისეთივე არასაიმედონი და ეგოისტები აღმოჩნდნენ, რა წარმოდგენაც მათზე რეალურად გქონდა…!
ძნელია, ძალიან ძნელი, როდესაც ხედავ როგორ ეცემა საზოგადოებრივი ზნეობა! გათითოკაცებულს,
იმედგაცრუებულს,
შინაგანად გამოფიტულს,
ძალა გამოცლილ ერს, სახელად სამშობლო, თუ რა დატვირთვას ატარებს, ამის გააზრებიც უნარიც ეკარგება!
…და ასეთ ყოფაში, ქვეყნის მავნებლებს მხოლოდ ერთი “მთავარი” მისია აკისრიათ- გასცენ მკაცრი დავალება ან/და აკონტროლონ “ლაიქები”, კომენტარები-შეზღუდონ ადამიანებში აზრის გამოხატვის თავისუფლება…!
ჩვენი ქვეყანა საკუთარი “კანტორა” ჰგონიათ და ამ “კანტორაში” დასაქმებულები კი მათ სამსახურში მყოფი ყურმოჭრილი მონები…!”, – წერს რაია ჯანხოთელი.
