“ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილმა სტრატეგიულმა სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V ორშაბათს ჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული ყირიმის სანაპიროს ახლოს დაფრინავდა, შემდეგ კი აფხაზეთის სანაპიროსაც გადაუფრინა და თან ეს პირველი მსგავსი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც საქართველოს ეს მხარე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ამ ინფორმაციას რუსული “ინტერფაქსი” ავრცელებს. რუსული მედიის ცნობით, ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა ორჯერ გადაიფრინა აფხაზეთის სანაპიროზე, საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთსა და სოხუმს შორის. აფხაზეთის სიახლოვეს თვითმფრინავი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში დაფრინავდა და საჰაერო საზღვარი არ დაურღვევია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით აფხაზეთის სანაპიროს პირველად გადაუფრინა აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავმა.
“სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე განლაგებული სამხედრო ბაზიდან აფრინდა, 4 საათის განმავლობაში დაფრინავდა სოჭიდან მთელი კრასნოდარის მხარის, ასევე ოკუპირებული ყირიმის მიმართულებაზე. ცნობილია, რომ ამ ტიპის სტრატეგიულ სადაზვერვო თვითმფრინავს თავისუფლად შეუძლია საფუძვლიანად დაათვალიეროს მოწინააღმდეგის ტერიტორია და შეუძლია პოტენციური მოწინააღმდეგის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ადგილმდებარეობისა და საქმიანობის დადგენა. სადაზვერვო ფრენების შესახებ ღია ცის შეთანხმებას 1992 წელს ჰელსინკშიგაფორმდა და ძალაში 2002 წელს შევიდა. ღია ცის შეთანხმება ამ შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოებს ერთმანეთის საჰაერო სივრცეში პერიოდულად სადაზვერვო ფრენების განხორციელების უფლებას აძლევს. თუმცა მოსკოვი კრძალავდა სადაზვერვო ფრენებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თავზე, ასევე რუსეთის იმ ტერიტორიაზე, რომელიც 10კმ-ზე ნაკლები მანძილითაა დაშორებული ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთიდან, იმ არგუმენტით, რომ ეს “დამოუკიდებელი სახელმწიფოებია”, რომლებიც არ არიან ღია ცის შეთანხმების წევრები. ამ აკრძალვის გამო შეთანხმების ჩაშლით იმუქრებოდა აშშ. თუმცა რუსეთს დათმობა მოუწია და ამერიკულმა თვითმფრინავმა აფხაზეთის თავზე სადაზვერვო ფრენის უფლება მოიპოვა”, – აღნიშნავს გამოცემა.
“გუშინ, გამთენიისას, ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ სამხედრო ბაზებზე განგაში გამოცხადდა, რის შემდეგაც კოდორის ხეობის მიმართულებით სამხედრო კოლონების გადაადგილება დაიწყო. სულ კოდორის ხეობაში გადასროლილია 1500 რუსი სამხედრო მოსამსახურე და 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა. რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ცნობით, ეს აფხაზეთში მიმდინარე მასშტაბური წვრთნების დასკვნითი ნაწილია და რუსი სამხედროები მარშით გაივლიან 200 კილომეტრს. წვრთნებში მოტომსროლელი, სატანკო, თანამედროვე თვითმავალი საარტილერიო ტექნიკა და მონაწილეობდა. აფხაზეთის უშიშროების ყოფილი მინისტრის – ლევან კიკნაძის თქმით, კოდორის ხეობაში სამხედრო ტექნიკით ასეთი მასშტაბური წვრთნების ჩატარებას ვერ შეძლებდნენ, რადგან ამის საშუალებას რელიეფი არ იძლევა და ეს გაზვიადებული ციფრებია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსებმა კოდორის ხეობაში 1500 ჯარისკაცი და 400 ერთეული სამხედრო ტექნიკა გადაისროლეს.
“ მე ძალიან კარგად ვიცნობ კოდორის ხეობას და სამხედრო ტექნიკით ასეთი მასშტაბური წვრთნების ჩატარებას ვერ შეძლებდნენ, ამის საშუალებას რელიეფი არ იძლევა. ასეთ მთიან ადგილებში ასეთი წვრთნები ვერ ჩატარდება. ძალიან გაზვიადებული მონაცემებია, რომ ასეთი წვრთნები ჩაატარეს და ეს ძირითადად იმ პოლიტიკის ნაწილია, რომ რუსეთი აკონტროლებს კოდორის ხეობას. წვრთნებიც იმის მანიშნებელია, რომ ეს აზრი განამტკიცონ – კოდორის ხეობა ჩვენია, ჩვენ ვაკონტროლებთ. არის თუ არა საფრთხის შემცველი გახშირებული წვრთნები ჩვენი ქვეყნისთვის? არ მგონია, რომ ამ ეტაპზე რაიმე საფრთხის შექმნას უკავშირდებოდეს. არც მოახლოებულ არჩევნებს არ უკავშირდება. როგორც გითხარით, ეს არის რუსეთის პოლიტიკის ნაწილი, რომ აფხაზეთის ტერიტორიას ისინი აკონტროლებენ და ჩვენ რაიმე არ გავბედოთ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან კიკნაძემ.