“ყველაზე მეტი ბრალი საპრეზიდენტო არჩევნებში მიღებულ შედეგში მიუძღვის იმას, რომ “ოცნებამ” ირწმუნა, რომ ის მაგარია, რომ ბევრ რამეში შეუძლია აღარ მოუსმინოს ხალხს. ამ დამოკიდებულებიდან დადგა შედეგი. ამიტომ “ოცნებას” ხალხი გაებუტა კიდეც, გაუნაწყენდა კიდევაც – წავიდა და ჯიბრზე სხვას მისცა ხმა. ასე მგონია, ბევრნი დაფიქრდებიან და მეორე ტურში სხვას მისცემენ ხმას. ეტყობა, არავინ ელოდა ასეთი დიდი პროცენტის აღებას “ნაცმოძრაობის” მიერ. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში საზოგადოება ახლა უკვე სხვანაირად მოიქცევა”, – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი, უშიშროების მინისტრის ყოფილი მოადგილე სიმონ ნოზაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სიმონ ნოზაძე: “ვინც ხმა პირველ ტურში ნაციონალებს მისცა, მეორე ტურში მათ მხარს აღარ დაუჭერს”.
“ამის თქმის საფუძველს მაძლევს და მე ამის იმედი მომეცა, რადგან სამოქალაქო სექტორი დამოუკიდებლად აქტიურდება. რასაც სოციალურ ქსელებში ვუყურებ, რასაც ისინი წერენ, იქიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ მეორე ტურში სხვა რეალობა იქნება. შეიძლება ასევე სამოქალაქო საზოგადოებამ პოლიტიკოსების გარეშე ჩაატაროს ისეთი აქციები, რომ ჭკუის სასწავლებელი გახდეს. ამ შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოება შეშფოთებულია შესაძლო შედეგებით – ანუ იმით, რომ შეიქმნა ალბათობა “ნაციონალების” ხელისუფლებაში მობრუნებისა – ბევრი მათგანი, ვინც ნაცმოძრაობას მისცა ხმა, სამოქალაქო მოძრაობას გვერდში დაუდგება და აღარ მისცემს ხმას”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სიმონ ნოზაძე.
“რაც შეეხება ბრალდებებს რუსული აგენტურის თაობაზე – გაღმა შეედავეს მეთოდია – გადახედეთ ვაშაძის ბიოგრაფიას და ნახავთ ვინ ვინ არის. გრიგოლ ვაშაძე იყო რუსეთის კოსმოსური შეიარაღებისა და ბირთვული პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი. მანამდეც არანაკლები პოსტი ეჭირა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში – იყო კომინტერნის ჩამნაცვლებელი – საგარეო ურთიერთობები ჰქონდათ სოციალისტურ ქვეყნებთან და იმ ხალხთან კაპიტალისტურ ქვეყნებში, რომლებიც კომუნისტები იყვნენ… როგორ შეიძლება გრიგოლ ვაშაძე არ იყოს კგბ-ს ნომენკლატურა? რა გითხრათ? მეც მგონია, რომ რუსეთმა დაგვიწყო ოპერატიული თამაში – მე ასეთი განცდა მაქვს. დეპუტატი რომ დეპუტატს შეხვდეს, მინისტრი- მინისტრს ამის მომხრე ვარ, მაგრამ ოპერატიული ურთიერთობების მომხრე არ ვარ – იქ ცალსახად რუსეთი გვაჯობებს, რადგან ძალიან ძლიერია”, – განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “მომავალში რას ელოდებით?” – პასუხობს:
“ბევრი, ვინც ხმა “ნაცმოძრაობას” მისცა, მათ მხარს აღარ დაუჭერს, რადგან დაინახეს, რომ რომ დიდი პროცენტი მიიღო… “ოცნებაზე” ალბათ ფიქრობდნენ – თქვენ განახებთ სეირსო. ახლა რომ დაინახეს, შეიძლება რაღაც არასასურველი შედეგი დადგეს, ბევრი გონს მოეგება. ყველამ დაუდევრობა გამოვიჩინეთ, ჩვენი მომხრეების არჩევნებზე არ მივიდნენ. უნდა ვაღიაროთ, “ნაციონალები” ორგანიზებული ძალაა, მერწმუნეთ, მათ შეძლეს ყველა მათი მომხრის მიყვანა საარჩევნო ყუთებთან.”ოცნებამ” დაუდევრობა გამოიჩინა, მაინც მოვიგებთო… ვიღაცები ცხოვრებამ გაათამამა, ვიღაცები თანამდებობაზე მოსვლამ და ცუდი შედეგი დადგა… ალბათ მოსახლეობა დატოვებს შანსს, რომ “ოცნებაში” გონს მოეგონ, შეცვალონ რაღაცა, თორემ 2020 წლის არჩევნები ახლანდელთან შედარებით მონაგონი იქნება”.