“ბევრი მიზეზია “ოცნებას” რის გამოც გაუჭირდა, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. თუმცა მთავარი მაინც დანაპირების არშესრულებაა და აქედან ორს გამოვყოფდი – სამართლიანობის არაღდგენა და ეკონომიკის არგანვითარება. ამ შედეგზე ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ნაციონალური მოძრაობის სწორად წარმართულმა საარჩევნო კამპანიამ, მათმა შავმა პიარმაც. შენ რომ ხარ მასთან დაპირისპირებული ძალა, რაღაც მეთოდოლოგია მათგანაც უნდა ისწავლო, თუ ხედავ, რომ ეს ეფექტურია…”, – აცხადებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა არეშიძე: “პორტირებული ნაცები “ოცნებას” საბოტაჟს უწყობენ”.
“გარდა ამისა, იმდენი ხალხია პორტირებული ნაციონალური მოძრაობიდან “ქართულ ოცნებაში”, რომ რაღაცა კი უნდა მოეტანათ… სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მხოლოდ დაბალი კვალიფიკაციის ან პოლიტიკური ნების არქონის გამო გამო არ ხდება ვერშესრულება დაპირებების, – არამედ იმის გამო, რომ ეს საბოტაჟია მათი მხრიდან, რომლებიც არიან პორტირებული ნაციონალური მოძრაობიდან. ორგანიზებულ საბოტაჟს ვხედავ, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა არჩევნების დროს. მე შემიძლია ჩამოვთვალო რამდენიმე რაიონი, რომლის ხელმძღვანელი არის პორტირებული ნაციონალური მოძრაობიდან, ხელმძღვანელობაში მყოფი პირები და ვიცი, რომ მათ მიიღეს შესაბამისი გაფრთხილება, თუ მხარს არ დაუჭერდნენ ნაციონალურ მოძრაობას ან არ გაჩერდებოდნენ მაინც, მათ წინააღმდეგ კომპტრომატები გამოქვეყნდებოდა. ამიტომ მათ გაჩერება არჩიეს”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე – “ისევ მუშაობს ეს მეთოდი მათ წევრებზე?” – პასუხობს:
“რასაკვირველია, მუშაობს და მუშაობს ძალიან ეფექტურად. არის რაიონი, სადაც მაჟორიტარი დეპუტატიც, გამგებელიც და მერიც პორტირებული ნაცებია. ამის შედეგად კი დადგა ის შედეგი, რომელიც დადგა. თან ძალიან საინტერესოა ის, რომ გვერდით რაიონებში სხვანაირი შედეგი დაიდო არჩევნებისა და ამ კონკრეტულ რაიონში პირწმინდად წააგო “ქართულმა ოცნებამ”.
“ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე ძალიან კარგად არის ცნობილი, ვინ რას წარმოადგენს. მათი ფაფხური, რომ ქულები დაიწერონ, უკვე არ გავა. არ გავა არც საბნის გადაქაჩვის მცდელობა. უბრალოდ, შედეგი იქნება არა ისეთი სასურველი, რაც საზოგადოების დიდი ნაწილს უნდა. სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ისეთი რესურსი არსებობს საზოგადოებაში, რომ შესაძლებელი იყო, ეს გამარჯვება ყოფილიყო უპირობო. ახლა კი ვხედავთ, რომ მაინც მიდის უსიამოვნო ფაქტები. ერთი კვირაა საუბარი იმაზე, რომ ერთ-ერთ რაიონში 9 200 ადამიანია მიწერილი სიებზე. ეს არის ნაციონალების გაკეთებული სიები თავის დროზე და არაფრით მოხერხდა ამ სიის გასწორება. ეს იმიტომ არ ხერხდება, რომ არ უნდათ კონკრეტული რაიონის საარჩევნო შტაბის წევრებს, იმიტომ, რომ ისინი პორტირებული არიან და მავანის საქმეს აკეთებენ”, – დასძენს მამუკა არეშიძე.