თელავში, მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო ბაზაზე რეზერვისტთა მეორე შეკრება გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს აცნობით ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხულ პირებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ სახელფასო ბარათები „არმიქარდი“ დაურიგა, რისი საშუალებითაც ისინი კუთვნილი ანაზღაურების მიღებას შეძლებენ.
ამასთან, რეზერვისტებს დამადასტურებელი მოწმობებიც გადაეცათ. ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ სიტყვით მიმართვისას რეზერვის პროგრამის შესახებ ისაუბრა, სისტემის განახლებაზე და რეზერვისტთა როლზე გაამახვილა ყურადღება.
უწყების ინფორმაციით, თელავის პარალელურად, რეზერვისტთა მეორე შეკრება მე-10 კადრირებულ ბრიგადაშიც ჩატარდა. რეზერვისტებმა შეკრებისას საბრძოლო მომზადების სხვადასხვა წესები, სამხედრო მომსამსახურის უფლება-მოვალეობები შეისწავლეს და ფიზიკური მომზადება გაიარეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა 2018 წლის 1 აგვისტოს დაიწყო. „ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამაში ჩარიცხვის შემთხვევაში რეზერვისტს სამუშაო ადგილი უნარჩუნდება და სამსახურის პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ეთვლება. რეზერვში ჩარიცხულ მოქალაქეებს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმდებათ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი, რეზერვისტები შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საერთო ჯამში, რიგითი რეზერვისტის საშუალო ანაზღაურება წლიურად ხელზე ასაღები 2760 ლარია. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი, რომელიც 12 თვეზე ნაწილდება“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.