ქუთაისის აეროპორტში თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე თავდასხმის ინციდენტში ერთ-ერთი მონაწილის და ანანო გორგოძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ პირველად ხელი მის მეგობრებს ჩარკვიანის მეუღლემ დაარტყა.
„კურიერის“ სიუჟეტში მოგვიყვნენ ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შესახებ, რომლის დროსაც „თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციასთან შეკრული კრიმინალური ბანდა, სუსი-ს დავერბოვკებული აგენტები არაფხიზელ მდგომარეობაში, რომლებიც მიზანმიმართულად დილიდან ელოდებოდნენ თაკო ჩარკვიანის ოჯახს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის“.
სინამდვილეში რა მოხდა? ჩემი ძმა დათი და მისი მეგობრები – 3 ბიჭი და 3 გოგო რომლებიც 23 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით იყვნენ ბერლინში და ჩამოფრინდნენ „ვიზეირის“ რეისით 30 ნოემბერს დღის მეორე ნახევარში, ვერ მიიღეს ბარგი ქუთაისში მომხდარი სტიქიის გამო და დღეს დილას გამოცხადნენ აეროპორტში ბარგის მისაღებად.
იმ პერიოდში აეროპორტში იყო თაკო ჩარკვიანის ოჯახი. ისმოდა ხმამაღალი ლაპარაკი ჩავლილ არჩევნებზე. ამ დროს ერთ-ერთმა ამ ჯგუფიდან ირონიულად მიულოცა არჩევნებში წაგება, რასაც მოყვა თაკო ჩარკვიანის მხრიდან კივილი: -„ბიძინას მონებო“, და შემდეგ უკვე დაპირისპირება, რომლის დროსაც თაკო ჩარკვიანის ქმარმა ჯონი გიგანმა ხელი დაარტყა ერთ-ერთ მათგანს, რაც კარგად ჩანს ვიდეო ჩანაწერებში. მოხდა ჩხუბი.
შემდეგ ჩაერია პოლიცია და დააცალკევა ისინი. ამ შელაპარაკებისგან დაწყებულ დაპირისპირებას კურიერმა მთელი კრიმინალური ისტორია მოაყოლა და მისცა პოლიტიკური მიმართულება. ეს არის სიმართლე და ყველაფერი აუცილებლად გაირკვევა“, – წერს დაკავებულის და.
დღეს თაკო ჩარკვიანს და მის მეუღლეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შსს-ს ცნობით, თაკო ჩარკვიანსა და მის თანმხლებ პირზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი კერვალიშვილი და დავით ბაიდარაშვილი 700 ლარით დაჯარიმდნენ, თბილისის საკრებულოს თანამშრომლის დავით მაჭავარიანის ბრალეულობა კი ჯერჯერობით არ დადასტურდა.
ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულები გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ.
