კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა, შეგიძლიათ გაიხსენოთ პრემიერ-მინისტრები, გახარიაზე ჭორაობდნენ, რომ საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო, მაგრამ ეს იყო პატარა, „ქართულ-ჯიგრულ პონტში“, როგორც თვითონ ამბობდა, ბახტაძის პერიოდში არავითარი კორუფცია, საერთოდ არავის უსაუბრია ამაზე, კვირიკაშვილის პერიოდშიც სისტემურ კორუფციაზე არავინ ლაპარაკობდა, – ამის შესახებს აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, დღეს ზედა დონეზე მთლიანად გაწმენდილია სისტემა კორუფციისგან და ეს არის რთული სამუშაო პროცესის შედეგი.
„კორუფცია არ იყო 14-წლიანი პრობლემა. შეგიძლიათ გაიხსენოთ პრემიერ-მინისტრები, იგივე გახარიასთან დაკავშირებით, შეიძლება იყო ერთი-ორი შემთხვევა, რაზეც ჭორაობდნენ – მაგალითად საუბრობდნენ იმაზე, რომ საკუთარი აგრარული ბიზნესი მოიწყო ერთ სამეგრელოში, ერთი შიდა ქართლში, მაგრამ ეს იყო პატარა, „ქართულ-ჯიგრულ პონტში“, როგორც თვითონ ამბობდა, შემთხვევები, მეტი არაფერი. ანუ სისტემურ კორუფციაზე არავინ საუბრობს გახარიას პერიოდში. ასევე ბახტაძის პერიოდში არავითარი კორუფცია, საერთოდ არავის უსაუბრია ამაზე. კვირიკაშვილის პერიოდშიც სისტემურ კორუფციაზე არავინ ლაპარაკობდა. რაც შეეხება კორუფციას, თავი იჩინა ამ პრობლემამ, დაახლოებით ორი წელი იყო კრიტიკული. თუმცა როგორც კი გამოვლინდა ეს პრობლემები, მაშინვე განაცხადი გააკეთა გუნდის ლიდერმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ის შემობრუნდა პოლიტიკაში და შემდეგ დავიწყეთ ამ განაცხადის აღსრულება და ძალიან ეფექტურად გავაკეთეთ ეს ყველაფერი. მე დღესაც შემიძლია გავიმეორო ჩემი მარტივი შეთავაზება – თუ წარმოადგენთ თუნდაც ერთ ფაქტს, რომ მაგალითად რომელიმე მინისტრი არის გარეული რომელიმე კორუფციულ გარიგებაში, ან სხვა მაღალი თანამდებობის პირი, იქვე იქნება მყისიერი რეაგირება. ამიტომ, ძალიან თამამად ვსაუბრობთ ამ თემაზე. ეს ჩვენი სითამამე ეფუძნება იმას, რომ მთლიანად გავწმინდეთ კორუფციისგან ხელისუფლების ზედა ეშელონები. მუდმივად უნდა გაგრძელდეს კორუფციასთან ბრძოლა, მაგრამ ზედა დონეზე მთლიანად გაწმენდილია დღეს სისტემა კორუფციისგან. ეს არის, საკმაოდ რთული სამუშაო პროცესის შედეგი. მარტივი არ იყო – წელიწადი და ხუთი თვე დაგვჭირდა იმისათვის, რომ პრინციპულად გადაგველაგებინა სისტემა. თუმცა დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ პასუხისმგებლობას ვიღებ თითოეულ მაღალი თანამდებობის პირზე“, – განაცხადა პრემიერმა.
