საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პროფკავშირების და დამსაქმებეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავს. შეხვედრის მიზანი პარიზსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში არეულობის დასრულებაა.
დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მაკრონი ადგილობრივი დროით 20.00 საათზე მოსახლეობას ტელევიზიით მიმართავს და იმ ნაბიჯებს დაასახელებს, რასაც მთავრობა გადადგამს.
მაკრონისა და პროფკავშირების წარმომადგენელთა დღევანდელი შეხვედრა გამოავლენს, დაახლოებით რა სცენარით განვითარდება მოვლენები საფრანგეთში უახლოეს დღეებში.
შეგახსენებთ, საფრანგეთში ბოლო ოთხი კვირაა მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. მოსახლეობა თავდაპირველად საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ 2019 წელს საწვავის გადასახადის ზრდის გეგმა შეაჩერა, პროტესტი მაინც არ შეწყდა.
გასულ უქმეებზე საფრანგეთში „ყვითელი ჟილეტის“ მოძრაობის 136 000 დემონსტრანტი გამოვიდა. პოლიციამ 1200-ზე მეტი პირი დააკავა. არეულობის შედეგად პარიზი მნიშვნელოვნად დაზიანდა. აქტივისტებმა დაწვეს მანქანები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები, დააზიანეს მაღაზიები.