საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
,,მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას და ასევე მთავარი პროკურის მზაობას თავად უხელმძღვანელოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების უკვე ათწლეულების მანძილზე დაუდგენელი გარემოებების გამოძიების საქმეს.
იმედს გამოვთქვამ, რომ მთავარი პროკურორის ხელმძღვანელობით გაწეული სამუშაოს შედეგად, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებებს ნათელი მოეფინება და აღდგება ისტორიული სამართლიანობა, რაც ჩვენი ქვეყნის ღირსების საქმეა“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილებმა – კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებმა პროტესტი 13–დღიანი შიმშილობის შემდეგ შეწყვიტეს. გადაწყვეტილება ცოტნე გამსახურდიამ მთავარ პროკურორთან შეხვდრის შემდეგ მიიღო. მოლაპარაკებას არ დასწრებია კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც 11 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც გაირკვა, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. კომისიას გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს. საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში იქნებიან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირები და პროკურატურის მიერ შერჩეული გამომძიებლები.
კომისიის მუშაობის დეტალებზე მომდევნო შეხვედრა, იანვრის ბოლოს იგეგმება.
გამსახურდიები პირველი პრეზიდენტის მკვლელობის გარემოებების დადგენას ითხოვენ.