პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ტოვებენ. მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე ადამიანს, მათ შორის არიან 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების საქმეზე მსჯავრდებულები, გიორგი მინდაძე და ანრი კვარაცხელია.
პენიტენციურ დაწესებულება დატოვა გიორგი ოკმელაშვილმაც. ის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ყველა მათგანმა ჩადელი დანაშაული აღიარა, მოინანია და შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართა.
საკითხს აფასებენ მმართველ გუნდში. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, დღესასწაულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ ასეულობით ადამიანის შეწყალება მისასალმებელია.
“პრეზიდენტს გააჩნია შეწყალების დისკრეციული უფლება. როგორც წესი, მნიშვნელოვან დღესასწაულებზე პრეზიდენტი იყენებს ამ უფლებას.
ასეულობით ადამიანი შეიწყალა პრეზიდენტმა, რაც, ბუნებრივია, მისასალმებელია.
გიორგობის დღესასწაული სწორედ ასე მიულოცა ხელისუფლებამ იმ ადამიანებს, ვის მიმართაც დისკრეციული უფლება იქნა პრეზიდენტის მხრიდან გამოყენებული”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
