„საქართველოს აქვს დიდი მომავალი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, ამ მხრივ უკვე არჩეული გვაქვს კონკურენტუნარიანი მიმართულებები, როგორებიც არის სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და კარდიოლოგია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული პაკეტის დამუშავება გრძელდება, რათა ქვეყანას ტურისტულ სექტორში დამატებითი ზრდა ჰქონდეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აგრძელებს ტურისტული შეთავაზებების დივერსიფიკაციას და ქვეყანაში ახალი მიმართულებების განვითარებას. მისი თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ასევე არის საქმიანი ტურიზმის განვითარება.
„საქმიანი ტურიზმის სექტორი ორიენტირებულია მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე, ამასთან ერთად, იგი ხელს უწყობს სხვადასხვა დარგის განვითარებას და ადგილობრივ დონეზე საერთაშორისო გამოცდილების გადმოტანას, ცოდნის გაზიარებასა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოს აქვს დიდი მომავალი სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით, ამ მხრივ უკვე არჩეული გვაქვს კონკურენტუნარიანი მიმართულებები, როგორებიც არის სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია და კარდიოლოგია. ამ პაკეტის დამუშავებას განვაგრძობთ, რათა არსებული შედეგი კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დამატებითი ზრდა შემოვიტანოთ ჩვენ ტურისტულ სექტორში.
სამედიცინო ტურიზმთან ერთად, საქართველოს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს გამაჯანსაღებელ ტურიზმშიც. საინტერესოა, რომ მსგავსი გამაჯანსაღებელი 183 კურორტი არის რეგისტრირებული საქართველოში. ასევე დაგეგმილი გვაქვს, განვავითაროთ შეხვედრების ინდუსტრია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ საქართველომ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალების მეშვეობით, საერთაშორისო დონეზე წარმოაჩინოს საკუთარი მიღწევები და გაუზიაროს მსოფლიოს მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რომელიც დღეს ქვეყანაში ინერგება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობას აქვს ხედვა, რომ გახდეს რეგიონის ტურისტული, სატრანსპორტო და ინტელექტუალური ცენტრი.
როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ძალიან სასიხარულოა, რომ ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო გამოცემები და ტელევიზიები სულ უფრო ხშირად აშუქებენ საქართველოს, როგორც მსოფლიოს საუკეთესო სამოგზაურო ადგილს.
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტურიზმი გახლავთ ერთ-ერთი საუკეთესო გზა, რომლითაც შესაძლებელია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ბუნებრივი სილამაზისა და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების წარმოჩენა.
დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ტურიზმის მიმართულებით, ეფექტიანია და მომავალშიც შეძლებს მნიშვნელოვანი შედეგის მოტანას ქვეყნის ეკონომიკაში. მინდა, წარმატებები გისურვოთ და მოვემზადოთ ყველა, რომ 2019-ში კიდევ უფრო მეტ ტურისტს ვუმასპინძლოთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.