სამების საკათედრო ტაძარში მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღვთისმსახურება აღევლინა. სადღესასწაულო ლიტურგიას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან, ასევე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ღამისთევის მსახურება ჩაატარა. წირვის დაწყებამდე კი, მრევლმა და ხელისუფლების წევრებმა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე მოისმინეს. მართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. საშობაო ლიტურგია საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სრულდება.