რა აზრი აქვს არჩევნებს, რა აზრი აქვს პოლიტიკას, რა აზრი აქვს საერთოდ ცხოვრებას, თუ იმ ქვეყნის პოლიტიკოსები გვქვია, სადაც ბავშვებს პური და კანფეტი ენატრებათ, – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
ინაშვილი გაეროს მონაცემებს იშველიებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში 50 000-ზე მეტი ბავშვი ფაქტობრივად შიმშილობს და მოკლებულია ჯანდაცვის, განათლების და მომავლის შექმნის პერსპექტივას. ინაშვილი თვლის, რომ სიღარიბის დასაძლევად ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ძალები უნდა გააერთიანონ.
“ამ შინაარსის სტატუსს უკვე მეორედ ვწერ. 25 წლის წინ, როცა ჭუბერზე ფეხით მოვდიოდით, სამაშველო ვერტმფრენებიდან პურს გვიყრიდნენ, რომ მინიმალური საკვები მიგვეღო, მაგრამ ამ პურის დიდი ნაწილი ხრამში ცვიოდა და ჩვენამდე ვერ აღწევდა. ფიზიკურად რომ გადავრჩენილიყავით, მცენარეების ბოლქვს, ბალახს ვჭამდით. მაშინ ვიფიქრე, რომ ჩემს სიცოცხლეში პურს უდიერად, უპატივცემულოდ არ მოვეპყრობოდი და ჩემს შვილებსაც პატარაობიდანვე ვასწავლიდი, რომ პურს გაფრთხილება სჭირდება. აჯობებს, გამხმარი პური დაფშვნა და ჩიტებს დაუყარო, ვიდრე ნაგავს გააყოლო. გამოცდილებამ მაჩვენა ისიც, რომ არც იმდენი პური უნდა შეიძინო, რასაც ვერ მიითრთმევ. რატომ ვსაუბრობ პურზე და რატომ ვიხსენებ 25 წლის წინანდელ ისტორიას. მაშინ, იმ თოვლიან, ტკივილიან გზაზე, სიკვდილის გზაზე ვერ წარმოვიდგენდი, რომ გავდოდა წლები, შეიცვლებოდა ეპოქა, საუკუნე და ჩვენი ერი კვლავ გამოკვების პრობლების წინაშე იდგებოდა. მაშინ ვერ წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნის საქართველოში ადამიანების ნაწილს (და არც თუ უმნიშვნელო ნაწილს) ისევ ექნებოდა პურზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.
საქართველოში, გაეროს მონაცემებით, ბავშვების 6,8%-ი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო 27,6%- სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, 15-დან 18 წლამდე ასაკის ყოველი მეხუთე ღარიბი ბავშვი ვერ იღებს განათლებას, საკოლამდელი აღზდის დაწესებულებებში ვერ დადის 14 000 ბავშვი. 2017 წელს 4000 ოჯახი გამოიკითხა და აღმოჩნდა, რომ საქართველოში 50 000-ზე მეტი ბავშვი ფაქტობრივად შიმშილობს და მოკლებულია ჯანდაცვის, განათლების და მომავლის შექმნის პერსპექტივას. საჭიროა მოქმედება, საჭიროა არასტანდატული, სწრაფი, ეფექტური ეკონომიკური პროგრამების განხორციელება, საჭიროა არა მარტო სოციალურ დაცვაზე ორიენტირება, არამედ სოციალურად დაუცველთათვის სამუშაო ადგილების შექმნა, რაზეც ჩვენ ჯერ კიდევ 2014 წლიდან ვსაუბრობთ. საჭიროა ადამიანების, ერის ფიზიკური გადარჩენა და ჩვენი მომავალი თაობის ფიზიკური გადარჩენა, რაც უნდა იყოს სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი, თორემ რა აზრი აქვს არჩევნებს, რა აზრი აქვს პოლიტიკას, რა აზრი აქვს საერთოდ ცხოვრებას, თუ იმ ქვეყნის პოლიტიკოსები გვქვია, სადაც ბავშვებს პური და კანფეტი ენატრებათ. გავაერთიანოთ ძალები სიღარიბის დასაძლევად!!! ყველას ეხება ეს, ხელისუფლებასაც და საზოგადოებასაც!” – წერს ირმა ინაშვილი.
ცნობისათვის, 19 იანვარს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში, 12 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი თხრილში ჯართის შესაგროვებლად ჩავიდა, ამ დროს მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.
ირმა ინაშვილი: რა აზრი აქვს საერთოდ ცხოვრებას, თუ იმ ქვეყნის პოლიტიკოსები გვქვია, სადაც ბავშვებს პური და კანფეტი ენატრებათ
2019/01/21 10:35:54

კომენტარები
ნანახია: 817 ჯერ