საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა, სადაც საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა. სოფიო ქაცარავამ სტუდენტებს კომიტეტის საქმიანობის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია გააცნო.
სოფიო ქაცარავამ იმ პრაქტიკულ და ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა, რაც საგარეო პოლიტიკის მიზნებს ახლავს თან.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გაიმართა დისკუსია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებსა და გამოწვევებზე, რაც უკავშირდება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ტერიტორიებს, ასევე, ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მომავალ წევრობას და მოსახლეობის მხარდაჭერას ამ პროცესების მიმართ.
„საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უზრუნველყოფს და განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და მიზნებს, ადგენს პრიორიტეტებს, მოკლე და გრძელვადიან ამოცანებს და ამ ყველაფრის იმპლემენტაციისთვის მჭიდროდ და კოორდინირებულად თანამშრომლობს აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მოხარული ვარ, რომ დღეს პარლამენტში იმყოფებით. ჩემი საქმიანობის დღის წესრიგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ, სტუდენტებთან შეხვედრები და მათი მოსაზრებებისა და დამოკიდებულებების გაზიარება წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ თქვენ ხართ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ განსაზღვრავენ ქვეყნის მომავალს და წარმატებას“, – მიმართა სტუდენტებს შეხვედრისას სოფიო ქაცარავამ.