საქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
„პირველ რიგში გილოცავთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დიდი პატივია ჩვენი ალიანსის შტაბ-ბინაში თქვენი მასპინძლობა. საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველო ავღანეთში ჩვენი მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორია. მარტში ნატო-საქართველოს წვრთნები გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ნატო-ს 17 მოკავშირე. ყველაფერი ეს იმას ცხადყოფს, რომ საქართველო ალიანსის უნიკალური პარტნიორია და ჩვენი პარტნიორობა უფრო და უფრო მჭიდრო ხდება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რაც მოიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს.
„რუსეთს მოვუწოდებთ გააუქმოს ამ რეგიონების აღიარება და გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.