„სერგი კაპანაძეს „მაგნიტსკის სიაზე” ინფორმაცია არ გააჩნია ან საკითხზე ყურადღება მოადუნა და საქმის კურსში საერთოდ არ არის“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა.
ვოლსკის თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე” საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო და ევროპარლამენტში მიღებული გადაწყვეტილება უმრავლესობის მიერ კონსოლიდირებულია.
„არ მინდა, დავუშვა, რომ კაპანაძეც აყოლილია პოლიტიკურ ბაქიბუქსა და შემოტევას, რომელსაც მხოლოდ მათთვის აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა. იმის ნაცვლად, რომ რეზოლუციის მხარდაჭერა პოზიტიური თვალსაზრისით წარმოაჩინონ, თითქოს, პოლიტიკური დივიდენდების მიღებას ცდილობენ, რაც არასწორია მორალურადაც და პოლიტიკურადაც. ხელისუფლების წარმომადგენლები რეზოლუციის მომზადებასა და წინა განხილვებში მონაწილეობდნენ. ქვეყანაში ისეთი არაფერი ხდება, რასაც სათავეში უმრავლესობა არ უდგას. რეზოლუციის ავტორები არიან უმრავლესობის წევრები და მათ დელეგაციებთან იმუშავეს, რათა ეს საკითხი გასულიყო. თუ დავით ბაქრაძემ ერთი განცხადება გააკეთა, ეს არ ნიშნავს, რომ ამ საკითხმა მის ან სერგი კაპანაძის კისერზე გადაიარა. რეზოლუცია მიღებულია ისე, რომ უმრავლესობის როლი მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია. თუ ვინმემ უფრო მეტი სიტყვა თქვა, ვიდრე მეორემ, ეს ის თემა არ არის, რაზეც ბაქიბუქი და მკერდზე მუშტების კვრა შეიძლება. სამწუხაროდ, ისე იხატება, რომ თითქოს დიდი ქვა აწიეს და იმ პოლიტიკოსებმა გადააგორეს, რომელთაც რეალურ მმართველობასთან შეხება არ აქვთ”, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
გია ვოლსკი – არ მინდა, დავუშვა, რომ…
2019/01/23 19:56:38

კომენტარები
ნანახია: 1000 ჯერ