ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე იმ იშვიათ გამონაკლისთა შორის აღმოჩნდა, ვინც „თეთრი სახლის“ ოვალურ დარბაზში მოხვდა და ყველაზე გავლენიანი ქვეყნის გავლენიან მმართველებს „პროტოკოლი“ დაარღვევინა – ჯერ ოყო და ორი ძროხის ისტორიით სენატორები ატირა, მერე სახელმწიფო მდივანს „დაასწრო“ სიტყვა და ბოლოს, თავად დონალდ ტრამპისგან იმდენი ქათინაური და მადლობა მიიღო, მისგან რომ არავის არასდროს გაუგია. იმ დროს, როდესაც ნინო ამერიკის გავლენიან პოლიტელიტას აცრემლებდა, თბილისში მის ჩაცმულობას და კანის ფერს განიხილავდნენ, თუმცა თავად ნინოს ამაზე დიდი ემოციები არ ჰქონია. „თეთრ სახლში“ გატარებულ ორ დღესა და იმ ზღაპრის შესახებ, რომელმაც მისი ცხოვრება წლების წინ რადიკალურად შეცვალა, ნინო თავად გიამბობთ.
ნინო ზამბახიძე: როდესაც ამერიკაში წავედი, წარმოდგენა არ მქონდა, რომ ტრამპს შევხვდებოდი. იმ ემოციას, რაც ამ შეხვედრაზე დამეუფლა, სიტყვებით დღესაც ვერ გადმოვცემ. „თეთრ სახლში“ მოვხვდი, როგორც ფონდ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ნომინანტი და ბენეფიციარი. ისე მოხდა, რომ იმ 26 ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, სადაც ეს ფონდი თავის პროექტებს ახორციელებს, მხოლოდ მე შემარჩიეს. 2007 წელს, როდესაც გადავწყვიტე, რომ ბიზნესი სოფლის მეურნეობის კუთხით დამეწყო, სესხის ასაღებად ბანკს მივმართე. მათ უარი მითხრეს, იმიტომ რომ ქალი ვიყავი და განმიცხადეს, რომ მამაკაცის თავდებობა მჭირდებოდა. იმ დროს ქმართან განქორწინებული ვიყავი, შესაბამისად, მამაკაცს ვერ წარვადგენდი. ძალიან ძნელია, უცხო კაცს უთხრა, ბანკში თავდებად დამიდექი, ფერმა უნდა გავაკეთოო. უსესხოდ დარჩენილმა, დასახმარებლად ათასწლეულის გამოწვევის ფონდს მივმართე. მაშინ ეს ფონდი საქართველოში ახორციელებდა პროექტს მეწარმეებისთვის, რომლებიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით მუშაობდნენ და განსაკუთრებულ პრიორიტეტს ქალებს ანიჭებდა. დავწერე გეგმა, როგორ გადამეტანა ოჯახური მეურნეობა ინდუსტრიაში. ჩემი ამოცანა იყო, გამეკეთებინა პატარა რძის გადამამუშავებელი საწარმო და მოვიპოვე დაფინანსება 125 ათასი დოლარის ოდენობით. იმ პერიოდში ჩემმა ბიზნესპარტნიორმა ახალციხეში იყიდა ორი ძროხა და, შესაბამისად, დაიწყო ჩვენი საერთო საქმე. ასე მოვხვდი სოფლის მეურნეობაში, რომელთან შეხებაც არასდროს მქონია. მე ვერაზე დავიბადე და გავიზარდე, სოფელიც კი არ მქონდა. ჩემთვის ეს იყო ახალი და აბსოლუტურად უცხო გარემო. მთავარი მიზანი კი იყო, ჩემს შვილებს, რომლებიც იმ დროს პატარები იყვნენ, ეჭამათ ხარისხიანი პროდუქტი. ასე გადავერთე პროფესიით თარჯიმან-რეფერენტი ფერმერობაში, თუმცა მოგვიანებით, როცა დამჭირდა, მარკეტოლოგიაც ვისწავლე და მაგისტრატურაც დავამთავრე გრენობლის ეკონომიკურ სკოლაში. დროთა განმავლობაში რძის გადამამუშავებელი საწარმოც გაიზარდა და გახდა დივერსიფიცირებული აგროკომპლექსი. ამას მოჰყვა ჩემი სამოქალაქო აქტივობა, ჩამოვაყალიბე ფერმერთა ასოციაცია, რომელიც 4 ათას წევრს აერთიანებს. ეს ამერიკას ჩაეთვალა წარმატებულ მაგალითად ამიერკავკასიაში: თუ როგორ ეხმარება ამერიკის ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებს და როგორ შეცვალა მცირე გრანტმა ადამიანების ცხოვრება.
– „თეთრ სახლში“ მოსახვედრად ბევრი ბარიერის გადალახვა მოგიწიათ?
– პროტოკოლის მიხედვით, „თეთრ სახლში“ შეხვედრა დაგეგმილი იყო ივანკა ტრამპთან, მას, როგორც პრეზიდენტის მრჩეველს, უნდა გაეკეთებინა პრეზენტაცია ქალების გაძლიერების კუთხით. ეს შეხვედრა ჩაიშალა მთავრობის ფუნქციონირების შეჩერების, ეგრეთ წოდებული, „შათ-დაუნის“ გამო. რადგან გეგმები შეიცვალა, მე დავგეგმე შეხვედრები ფერმერებთან რეგიონებში და ერთ დღეს, უცებ მირეკავენ: გამარჯობა, „თეთრი სახლიდან“ გირეკავთ, თუ შეძლებთ, ორ დღეში ვაშინგტონში ჩამოსვლასო?! ცოტა არ იყოს, შოკში ჩავვარდი – მარნეულის ნაცვლად, „თეთრ სახლში“ რომ მოხვდები, როგორი წარმოსადგენია?! იმას კი ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რაც „თეთრ სახლში“ მელოდა. იქ დილის ცხრა საათზე მივედი და შევხვდი ივანკას. შეხვედრის დროს, მან მთხოვა, მომეყოლა ჩემი ისტორია, რომლის მოსმენით ისე აღფრთოვანდა, შემომთავაზა, თუ შეიძლება, ტელევიზიებმაც რომ გადაგიღონო. მე, რასაკვირველია, ვუთხარი, რომ პრობლემა არ მქონდა. ცოტა ხანში ივანკამ მითხრა, რომ უნდა შევხვედროდით სენატორებს, ბიზნესკომპანიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სადაც ჩემთვის მოულოდნელად, ისევ მომიწია ჩემი ისტორიის მოყოლა. როცა სენატორებთან სიტყვით გამოსვლა დავამთავრე, დავინახე, რომ ყველა ტიროდა. მათთვის ემოციური იყო ქართველი გოგოს ისტორია, რომელიც ქმარს გაშორდა, ბანკმა სესხი არ მისცა, გოგომ თავდები კაცი ვერ იპოვა (იცინის). სენატორებთან შეხვედრის შემდეგ ივანკამ მთხოვა, ძალიან მინდა, მამაჩემი გაიცნოო – ჩვეულებრივ ამერიკულ სერიალში ამოვყავი თავი. „თეთრ სახლში“ ძალიან მაღალ დონეზეა უსაფრთხოების ზომები, მარტო ვერ შედიხარ და ვერ გამოდიხარ, ყველგან დაგყვება თანმხლები პირი, შესაბამისად, მეც მყავდა მოჩენილი ასეთი ადამიანი. გარემო იმდენად შთამბეჭდავია, გრძნობ, რომ „სხვაგან“ ხარ. მე როგორც ვიცი, „თეთრ სახლში“ ოფიციალური დელეგაციების წარმომადგენელების გარდა საქართველოდან არავინ მოხვედრილა, ოვალურ კაბინეტში კი, სადაც ტრამპს შევხვდი, ჯერ არც ერთი ქართველი არ ყოფილა. სხვათა შორის, ოვალური კაბინეტი ძალიან პატარაა. რაც ჩვენ ფილმებში, კადრებში გვინახავს, ეს ოპერატორების „დამსახურებაა“, თორემ სინამდვილეში, ეს არის კომპაქტური, პატარა ოთახი.
– როგორი შთაბეჭდილება დატოვეს მამა-შვილმა ტრამპებმა?
– ივანკა სხარტი ადამიანია, ძალიან კარგი აურით, ამასთან თბილი და ადამიანური. გარეგნულადაც არ არის ისეთი გადაპრანჭული, როგორიც ფოტოებზე ჩანს. მას არ ემჩნევა, რომ პლანეტის ყველაზე ძლევამოსილი ადამიანის შვილია, ურთიერთობებში იმდენად უშუალოა, ისე მიაქვს გულთან შენი ამბავი, უცებ ხდება შენიანი. საოცარი ქიმია აქვს ურთიერთობებში. საოცარი იყო მამა-შვილის დამოკიდებულება, რაც ერთ გამოხედვაშიც კი იგრძნობა. როგორც ჩვენ, ქართველებმა ვიცით – ნამდვილი მამას გოგოა (იცინის). ის ინიციატივაც, რომ შეხვედრის დროს ჯერ პრეზიდენტმა ისაუბრა, შემდეგ თვითონ და მერე მე გადმომცა სიტყვა, ივანკასგან საოცარი ჟესტი იყო. თვითონ ტრამპიც ძალიან უშუალო და თბილი მეჩვენა, როდესაც ჟურნალისტები გავიდნენ, ისე მითხრა – ყოჩაღ, რა კარგი გოგო ხარო, თითქოს მთელი ცხოვრება მიცნობდა. გარეგნულადაც ბევრად უფრო უკეთესია და სიმპათიური, უფრო სხვა ფერები აქვს, ვიდრე მის ფოტოებს ადევს, ვიდრე ტელეეთერებით ჩანს. როდესაც ოვალურ კაბინეტში ტრამპმა მემორანდუმს ხელი მოაწერა და ივანკამ თქვა, ახლა სიტყვა გადავცეთ ნინოსო, ვიფიქრე, გული წამივიდოდა. ემოციურად ისე მძიმედ ვიყავი, სამი დღე გონზე ვერ მოვდიოდი (იცინის).
– საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ სიტყვამ.
– დღესაც არ მახსოვს, იქ რა ვილაპარაკე. ოფიციალური სიტყვა საერთოდ არ მქონდა მომზადებული, ასე რომ ყოფილიყო, ჩემი სიტყვა რადიკალურად განსხვავებული, უფრო დახვეწილი და დიპლომატიური იქნებოდა. რატომ ვილაპარაკებდი 2 ძროხაზე, როცა შემეძლო აგროკომპლექსზე საუბარი, მაგრამ იმდენად სპონტანურად, ბუნებრივად მომცეს სიტყვა, ამას ვერ წარმოვიდგენდი. ჟურნალისტები, „თეთრი სახლი“ და უსაფრთხოება შოკში იყო იმის გამო, რომ დაირღვა პროტოკოლი და სახელმწიფო მდივანს, პომპეოს, რომელიც ამერიკაში მეორე კაცია, სიტყვა ჩემ შემდეგ გადაეცა. ამას გარდა, არავის ახსოვს ტრამპისგან ამდენი პოზიტივი და მადლობა. ამაზე ამერიკაში ბევრი ლაპარაკობდა. ყველა მეუბნებოდა: ამ კაცზე როგორ მოახდინე ასეთი შთაბეჭდილება, რომ გაუცინარი და მკაცრი პომპეო გააცინე და ბედნიერი დაგვანახე ტრამპი, რომელიც უხეში კაციაო. ასე დავანგრიე მითები (იცინის). ამის შემდეგ საქართველოში იმაზე საუბარი, თუ როგორი ჩაცმული ვიყავი და რატომ მქონდა „ზაგარი“, ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. მით უმეტეს, რომ „ზაგარი“ არ მქონია, განათების გამო ჩანდა ასე, ანათემას, რომ გადამცეს. უპასუხოდ არც ერთი ნეგატიური მესიჯი არ დავტოვე, მე არ მეშინია ნეგატივის. პირველი, რაც კრიტიკაში ყველაზე აქტუალური იყო, ვინ მომცა უფლება, მელაპარაკა ქართველი ქალების სახელით, რომ საქართველოში ქალი ოდითგან დაფასებულია და თამარ მეფის მაგალითიც კმარა… თუ ვინმე თამარ მეფის ეპოქაში არის ჩარჩენილი და ვერ ხვდება, დღეს ქალებს საქართველოში, მით უფრო რეგიონებში რა გამოწვევები აქვთ, ეს მათი პრობლემაა. მეორე სახის კრიტიკა ეხებოდა ჩემს გარეგნობას, რომ როგორი უშნო და შავი ვარ, რა უნდა იფიქროს ტრამპმა, რომ საქართველო ასეთი მახინჯი ქალებით არის სავსე – ნუ მაგებინებენ პასუხს იმაზე, როგორიც გამაჩინეს დედაჩემმა და მამაჩემმა. მე ვუხსნიდი მათ, რომ არ ვარ ასეთი შავი, რომ მე ასეთს მომეცა საშუალება, იქ გამოვსულიყავი. როდესაც სიტყვას ამბობ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და ძლიერი ქვეყნის პრეზიდენტის წინაშე, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. შენ მარტო არ ხარ – შენ შენს ქვეყანას გამოხატავ. ამ დროს კი, როდესაც ვიღაც ჩემს ჩაცმულობაზე იწყებს საუბარს, სასაცილოა. არა და ნამდვილად კარგად ვიყავი ჩაცმული. მე ხაზი გავუსვი ქართულ სამოსს, გავიკეთე ყაბალახი, რომელიც ისე ძალიან მოეწონა ივანკას და სხვებსაც. ახლა ყაბალახებს „თეთრ სახლში“ ვაგზავნი. ერთი ვარდისფერი ყაბალახი ივანკას ჩავუტანე, უსაჩუქროდ არ დამიტოვებია არც პრეზიდენტი და სახელმწიფო მინისტრი. ტრამპს და პომპეოს „ვეფხისტყაოსნის“ უნიკალური ხელით ნაკეთი გამოცემები და ქართული სუფრა ჩავუტანე, მიხარია, რომ მათი საჩუქრების კოლექციაში ჩემი საჩუქრებიც იქნება.
– შორიდან ისე ჩანს, თქვენი და ტრამპების მეგობრობა გაგრძელდება.
– ივანკა საქართველოში დავპატიჟე. დამპირდა, რომ აუცილებლად ჩამოვა, რაც მგონია, რომ ძალიან კარგი და გარდამტეხი იქნება ქალების გაძლიერებისთვის, მათი საქმიანი წარმატებებისთვის. ჩემი შვილი ხუმრობს, ტრამპთან ვიზიტი იყო შენი ტრამპილინიო. ეს ორი დღე, რომელიც „თეთრ სახლში“ გავატარე, იგივეა, რაც წლების წინ ორი ძროხით დაწყებული ისტორია, რომელიც თითქოს ზღაპარს ჰგავს, ზღაპარს, რომელიც ცხოვრებას ცვლის.
http://tbiliselebi.ge