ბიჭი, რომელმაც თანაკლასელები სკოლის ავტობუსის სავარაუდო გამტაცებლისგან იხსნა, იტალიის მოქალაქეობას მიიღებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრის მოადგილემ, მატეო სალვინიმ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
13 წლის რამი შეჰატამ მობილურით განგაშის სიგნალი გადასცა, როდესაც ავტობუსის მძღოლმა მოსწავლეები გაიტაცა. მოგვიანებით მძღოლმა მანქანას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
პოლიციამ მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც იქ მყოფმა 51-მა ბავშვმა და ზრდასრულმა გადმოსვლა მოახერხეს. 14 ადამიანი საავადმყოფოში ინტოქსიკაციის ნიშნებით გადაიყვანეს.
პოლიციამ მძღოლი დააკავა. ის წარმოშობით სენეგალელია და ავტობუსის დაწვით იტალიის მთავრობის საიმიგრაციო პოლიტიკას გამოუცხადა პროტესტი.
იტალიაში ემიგრირებული მშობლების შვილებს მოქალაქეობის მიღება 18 წლამდე არ შეუძლიათ.
იმედინიუსი.