,,ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა. მე, ისევე როგორც ჩემი მეგობრები, ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე”, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამართულ გამოფენაზე განაცხადა.
პირველი პრეზიდენტის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნულ ბიბლიოთეკაში ზვიად გამსახურდიას ფოტოები, თარგმანები და პირველი პრეზიდენტის შესახებ გამოცემული წიგნები გამოიფინა.
„დღეს, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. მისი ღვაწლი საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში არის სრულიად განსაკუთრებული. საქართველოს ფოსტას დაევალა და გამოვუშვით საიუბილეო მარკა. რა თქმა უნდა, ფაქტი, რომ ეს ტრაგედია ჯერ კიდევ გამოუძიებელია, არის ნამდვილად დიდი სირცხვილი და ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
გამოფენაზე წარმოდგენილია ზვიად გამსახურდიას ხუთტომეულიც, სერიიდან „საქართველოს სახელმწიფოს ხელმძღვანელები”. გაიმართა ასევე საფოსტო მარკის წარდგენა, რომელიც საქართველოს ფოსტამ ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოსცა.
პრმიერ-მინისტრმა გამოფენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად დაათვალიერა.
“მამუკა ბახტაძე: ზვიად გამსახურდიას სახელს უკავშირდება საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა”
2019/03/31 13:35:56
კომენტარები
ნანახია: 532 ჯერ