ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა.
კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში არსებული კონკრეტული ჩანაწერი, „გაათავისუფლეთ ყველა თვითნებურად დაკავებული პირი“.
ჰერჩინსკის თქმით, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში ვერ შევა.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება. კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა ორგანიზაციას წარდგენილი აქვს შესაბამისი სიები“, – აღნიშნა მან.
ჰერჩინსკის თქმითვე, ევროკავშირი არასდროს უჭერს მხარს ძალადობას, ვანდალიზმს ან „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას არც საქართველოში და არ რომელიმე სხვა ქვეყანაში.
„ჩემი მოწოდება პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მიმართ იქნება არ მიიღონ მონაწილეობა ამ ანტიევროპულ რიტორიკაში“, – დასძინა ევროკავშირის ელჩმა.
„ქრონიკა“ შეეცადა საკითხის დაზუსტებას, რაზეც ჰერჩინსკიმ განაცხადა – „მოდით, სხვებსაც მივცეთ კითხვების დასმის შესაძლებლობა“.
