მშვიდობა არის აუცილებელი წინაპირობა ქვეყნის პრობლემების მოგვარების და ქვეყნის გაერთიანების, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახლად დანიშნულმა სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა. მან კვირიკაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამშვიდობო პოლიტიკა გაგრძელდება.
”მშვიდობა არის აუცილებელი წინაპირობა ქვეყნის პრობლემების მოგვარების და ქვეყნის გაერთიანების. ჩვენ გავაგრძელებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც ხშირად არ არის ხმამაღალ რიტორიკაზე მიმართული, არამედ საქმეზე. თან არის ძალიან პრინციპული. ამ პოლიტიკის მეშვეობით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში შევძელით შეგვენარჩუნებინა მშვიდობა ძალიან რთულ გარემოში, შევძელით შეგვენარჩუნებინა არაღიარების პოლიტიკა. ჩვენ გავაგრძელებთ ერთის მხრივ დეოკუპაციის პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში, ხოლო მეორეს მხრივ დიალოგის პოლიტიკას აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან მიმართებაში, რომელიც ნდობის მშენებლობაზეა ორიენტირებული”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.