საქართველოს თავდაცვის ძალების 43-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა სამშვიდობო მისია 22-ე ბატალიონისგან ოფიციალურად გადაიბარა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვის ამოცანას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს.
უფლებამოსილების გადაცემის ცერემონიალი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. საავიაციო ბაზის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა დანიელ კონლიმ 22-ე ბატალიონის ჯარისკაცებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა პირადად გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები სამშვიდობო მისიის განმავლობაში სამაგალითოდ იქცეოდნენ და რომ საამაყოა ქართველებთან მხარდამხარ სამსახური.
სამშვიდობო მისიის ოფიციალური გადაბარების ცერემონიალზე შესრულდა საქართველოს, აშშ-ის და ავღანეთის ეროვნული ჰიმნები. ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ავღანეთში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მერლანმა, თავდაცვის ძალების სამხედრო წარმომადგენლობის სერჟანტმა, მასტერ სერჟანტმა რამაზ პაიკიძემ და 22-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თედორეპაპავამ 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი““ და“გიორგი ანწუხელიძე“ დააჯილდოვეს. სიმბოლური საჩუქრები გაცვალეს 22-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თედორე პაპავამ და 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ.
უფლებამოსილების გადაბარების ოფიციალურ ცერემონიალს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები დაესწრნენ.