“ახალი თაობა” წერდა აფხაზეთის ოპოზიციის ლიდერის, დეპუტატ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის საეჭვო გართულებაზე. ბჟანია უცნაურად და მოულოდნელად დაუძლურდა. ცოტა ხანში იგი დეფაქტო პრეზიდენტის კანდიდატად უნდა დაესახელებინათ. აფხაზეთში ლიდერების მოცილების საშიში ტრადიციებიდან გამომდინარე, აქტიური ოპოზიციონერის გზიდან ხელოვნურად ჩამოცილება გაუგონარი მოვლენა არ უნდა იყოს. მოსკოვის კლინიკაში მოთავსება არაფრის გარანტიას არ იძლევა, პირიქით. სერგეი ბაღაფში თავისი პრეზიდენტობისას სწორედ მოსკოვის საავადმყოფოში წარმატებულად გამოცხადებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. შარშან უცნაურ ვითარებაში ავტოავარიაში დაიღუპა პრემიერი გენადი გაგულია… სოხუმში ღიად ალაპარაკდნენ ოპოზიციური ლიდერის ასლან ბჟანიას მოწამვლის ვერსიაზე”, – წერს გაზეთი “ ახალი თაობა” სტატიაში სათაურით სოხუმი: “ასლან ბჟანია მოწამლეს” / ოპოზიცია ქუჩის აქციებს აანონსებს.
“პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ მთელი რიგი პარტიებისა და საზოგადოებრივი მოძრაობების წარმომადგენლები. ისინი არ ეთანხმებიან მოსკოვის კლინიკაში დასმულ დიაგნოზს. რუსეთის დედაქალაქში ამტკიცებენ, რომ ბჟანიას ვირუსული პნევმონია სჭირს. ყველაზე საოცარი ისაა, რომ ბჟანიასთან ერთად შეუძლოდ გახდა მისი დაცვის ორივე წევრი. ორივე მოსკოვში გამოიკვლიეს. ერთ მათგანს ზუსტად იგივე სიმპტომები აღმოაჩნდა, რაც ბჟანიას. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ადრე თუ გვიან სიმართლეს დაადგენენ და შესაბამის მტკიცებულებებს წარმოადგენენ… დღეს ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია , მისი დაცვის წევრები კლინიკიდან უკვე გაეწერნენ. თავდაპირველად ასლან ბჟანიამ შეუძლოდ გახდომის შემდეგ მეტყველების უნარიც დაკარგა. იგი თანამოაზრეებს წერილობით ეკონტაქტებოდა. ექიმმა ინსულტი გამორიცხა. ოპოზიციონერი გამოსაკვლევად სოჭში გადაიყვამეს, სადაც მედიკოსებმა არ გამორიცხეს, რომ პაციენტის მძიმე მდგომარეობა გარედან ჩარევის შედეგია, თუმცა გადაჭრით ეს ვერ განაცხადეს. მდგომარეობის გაუარესების გამო ბჟანია მოსკოვში გადაიყვანეს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“ჯერჯერობით ოპოზიციონერი ისევ მოსკოვში იმყოფება, აფხაზეთის ოპოზიციურ ძალთა საბჭო კი მას პრეზიდენტობის კანდიდატად ასახელებს და აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. “ჩვენ ისევე, როგორც აფხაზეთის მთელ საზოგადოებას გვაკვირვებს ის ფაქტი, რომ ცხოვრების ჯანმრთელი წესის მიდევარი ასლან ბჟანია, რომელიც ყოველდღე ვარჯიშობს, ერთ საათში სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე აღმოჩნდა”, – აცხადებს ორგანიზაციის “ეროვნული მოძრაობა აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად” ლიდერი თეიმურაზ ხიშბა. პარტია “ამცახარა” პირდაპირ ამბობს, რომ ასლამ ბჟანია მოწამლულია და ამის დამადასტურებელი მასალები იქნება. დეპუტატი დიმიტრი დბარი ქუჩის აქციებს აანონსებს -“თუ რამე შეაფერხებს ასლან ბჟანიას დაბრუნებას აფზახეთში ან თუ ვინმე ეცდება დაასრულოს ის, რაც ვერ დაასრულა, ოპოზიცია იტოვებს უფლებას, მოაწყოს საპროტესტო მიტინგები. არჩევნებისთვის მზადების პარალელურად ვემზადებით მიტინგებისთვის, რადგან ვხედავთ, ქვეყანაში უარესდება სიტუაცია”, – აცხადებს ის.
ასლან ბჟანია წლების განმავლობაში დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას ერთ-ერთი მთავარი ოპონენტია. მას შემუშავებული აქვს მართვის სისტემის, სასამართლოსა და პოლიციის რეფორმირების პროგრამები, ასევე ნათქვამი აქვს, რომ მოსაგვარებელია აფხაზეთში მცხოვრების ქართველების პრობლემები”, – დასძენს გამოცემა.