ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან მესამე წლისთავს აღნიშნავს. ცენტრის დაარსებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია დაესწრო და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა.
ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე ცენტრის უდიდეს როლზე გაამახვილა, მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის როგორც ქართულ მხარეს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა და JTEC-ის გაფართოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გვაქვს განსაკუთრებული აღიარება. ამას მოწმობს გუშინწინ ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის მიერ გაკეთებული განცხადებები, სადაც ის ამ წარმატების საფუძველზე აღიარებს აღნიშნული ინიციატივის გაფართოების შესაძლებლობას, რაც ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოებაში, მეტი ნატოს პრინციპის უზრუნველყოფაში გამოიხატება. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ტრანსფორმირება“,- განაცხადა ლევან იზორიამ.
მინისტრის თქმით, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მეტად განვითარება იმ სტრატეგიული მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება, რასაც საქართველოს ნატოში გაწევრიანება ჰქვია. ლევან იზორიამ 2019 წელს ჩატარებული ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაც ხაზგასმით აღნიშნა, რომელსაც JTEC-მა წელს უმასპინძლა და სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზის განხორციელებაც ქართული მხარის ორგანიზებით მოხდა. 2022 წელს ერთობლივი სწავლების ჩატარება კვლავ იგეგმება, რომელიც ახალ ფორმატში განხორციელდება და ახალი ელემენტებით იქნება დატვირთული.
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) 14 პროექტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული ინიციატივაა და საქართველოს თავდაცვის ძალების სწრაფი განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის მისაღწევად, განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერას უზრუნველყოფს.
JTEC 2015 წლის 27 აგვისტოს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა. 2016 წლის მაისში ცენტრი საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ერთეულად ჩამოყალიბდა.