კარგი მოხელე ერთი მთავრობიდან მეორეში უნდა გადადიოდეს, მას სისხლიან რეჟიმს არ უნდა აძახებდნენ, არ უნდა იჭერდნენ და დაკითხვაზე არ უნდა დაჰყავდეთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას უსმენენ.
„მინისტრის მოადგილე და მინისტრი არ არიან სახელმწიფო მოხელეები, ეს პოლიტიკური ფიგურაა. კარგი მოხელე ერთი მთავრობიდან მეორეში უნდა გადადიოდეს, მას სისხლიან რეჟიმს არ უნდა აძახებდნენ, არ უნდა იჭერდნენ და დაკითხვაზე არ უნდა დაჰყავდეთ. ეს ეხება „ქართულ ოცნებას“ და მომავალში ეს არ უნდა მოხდეს.
თუ პოლიტიკურ ფიგურას შეხედულებები არ გააჩნია და ერთი ხელისუფლებიდან მეორეში გადადის, ეს პრობლემაა, მაგრამ მისი არჩევანია”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ამ განცხადებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კახა ოქრიაშვილს უპასუხა.
„აკრძალულია კარგი სახელმწიფო მოხელე იყო და უპარტიო? ხვალ რომელიმე პარტია მოვიდეს, ეს ადამიანი უმუშევარი უნდა დარჩეს?“, – მიმართა ბოკერიას ოქრიაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.