თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჭორების გავრცელების ბრალდებით სამი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქმენული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო იკვლევდა.
ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ რუსულმა მედიამ ინფორმაცია 21 ივლისს ევრაზიის პრობლემების მონიტორინგის ცენტრის დირექტორ ასლან რუბაევზე დაყრდნობით გაავრცელა. მისი თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ, მას ბიზნესმენებმა აცნობეს, რომლებიც აშხაბადში საქმიანობენ.
რუსული მედიის ცნობით, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი შვებულებაში 2019 წლის 15 ივლისს გავიდა. პირველი ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ 20 ივლისს Telegram-ში გაჩნდა.
მანამდე კი YouTube-ის არხმა „თავისუფალი თურქმენეთი“ აშხაბადის კორესპონდენტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტი 20 ივლისს თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა.
21 ივლისს თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მოსკოვში მდებარე თურქმენეთის საელჩოში ტყუილი უწოდეს.
24 ივნისს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია , რომ ბერდიმუჰამედოვმა უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატა მირზიეევს დაბადების დღე მიულოცა.
თურქმენეთის პრეზიდენტი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ტელეკამერების წინ პირველად25 ივლისს გამოჩნდა.
კადრები ტელეარხმა Altyn Asyr-მა გაავრცელა. სატელევიზიო გამოსვლისას თურქმენეთის პრეზიდენტმა აშხაბადის განვითარების პროექტი განიხილა.