ამერიკულმა კომპანიამ Journi Health წონის დასაკლები შოკოლადი გამოუშვა, სახელწოდებით Melt. მის შემადგენლობაში შედის ორფორგლიპრონი – კომპანია Eli Lilly-ის რეცეპტით გასაცემი გასახდომი პრეპარატის, Foundayo-ს აქტიური ინგრედიენტი. ეს კომპანია ასევე აწარმოებს გლუკაგონის მსგავს პეპტიდ-1-ზე (GLP-1) დაფუძნებულ საინიექციო პრეპარატ Mounjaro-ს.
Journi Health-ში აცხადებენ, რომ პროდუქტი შექმნეს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ინიექციების გაკეთება ან აბების გადაყლაპვა უჭირთ, ასევე მათთვის, ვისაც წონის შესანარჩუნებლად პრეპარატის მიკროდოზების მიღება სურს.
სავარაუდოდ, შოკოლადი დღეში ერთხელ უნდა მიიღონ. ერთთვიანი გამოწერა – 24 შოკოლადის კვადრატი და ექიმის კონსულტაცია 189 დოლარი ეღირება. ორიგინალი პრეპარატის, Foundayo-ს აბების ერთთვიანი კურსი კი, დაზღვევის გარეშე, 649 დოლარი ღირს.
პროდუქტს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) თანხმობა ჯერ არ მიუღია. Melt-ი ინდივიდუალური რეცეპტით დამზადებულ სამკურნალო საშუალებად ითვლება. FDA აფთიაქებს უფლებას აძლევს, დამოუკიდებლად მოამზადონ ასეთი პრეპარატები იმ შემთხვევებში, თუ მედიკამენტი დეფიციტშია ან ამას პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებები მოითხოვს.კომპანია Eli Lilly-ში წონის დასაკლებ შოკოლადს შეუსწავლელი ფალსიფიკაცია და სერიოზული სამედიცინო საჭიროების მარკეტინგულ ხრიკად ქცევის მცდელობა უწოდეს.
