ოდესაში საერთაშორისო ძებნაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის პოლიცია ავრცელებს.
35 წლის კაცი საქართველოში 2005 წელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მკვლელობისთვის გაასამართლეს. 2005 წლის ოქტომბერში სასამართლომ ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 203-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებში ჩადენაში დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2011 წლიდან საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
როგორც აღმოჩნდა, ის ოდესის ოლქის ტერიტორიაზე იმყოფებოდა და ყალბი პასპორტით სარგებლობდა. ოდესის რაიონულმა სასამართლომ ის 40 დღით დააკავა, რის შემდეგაც ექსტრადირების შესახებ გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და უკრაინის ეროვნული პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო დეპარტამენტის მიერ ერთობლივად ჩატარებული რამდენიმეთვიანი ინტენსიური ღონისძიებების შედეგად, 2019 წლის 30 ივლისს, უკრაინის ქალაქ ოდესაში დაკავებულია საქართველოს ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, 1984 წელს დაბადებული ზ.მ.
ზ.მ. 2009 წლიდან იძებნებოდა საქართველოში ჩადენილი მკვლელობისთვის, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულისთვის. მის დაკავებას წინ უძღოდა საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და უკრაინის ეროვნული პოლიციის სისხლის სამართლის სამძებრო დეპარტამენტის მიერ ერთობლივად ჩატარებული რამდენიმეთვიანი ინტენსიური ღონისძიებები.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ ტარდება კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები“, – აცხადებენ შსს-ში.