2003 წელს თბილისში მოკლული 21 წლის გიორგი გაბუნიას მამას, ლევან გაბუნიას რამდენიმე დღის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობის ბრალდებით 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბრალდებული წინასწარი პატიმრობიდან კანონით დადგენილი 9-თვიანი ვადის გასვლის შედეგად იყო გათავისუფლებული. ის საბოლოო განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა, შესაბამისად, მის დასაკავებლად საგამოძიებო ორგანომ ძებნა გამოაცხადა.
„მას საკუთარი შრომით ჰქონდა სოლიდური ბიზნესი, მაგრამ 2005 წელს შანტაჟითა და მუქარით 200 ათასამდე დოლარი პროკურატურის ანგარიშზე გადაარიცხინეს. ეს იყო მთავარი პროკურატურის მხრიდან ბიზნესის წართმევა და რეკეტი პოლიტიკური მიზნებით. ლევან გაბუნიას ხელმოწერების გაყალბება მთავარმა პროკურატურამ განახორციელა. „ნაციონალების“ დროს ის ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას. ეს საქმეც გამოუძიებელია „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში“. ეს არის ერთ-ერთი საქმე, რის გამოც მას ბრალი წაუყენეს და კიდევ კოოპერატიულ ბინათმშენებლობაში დაზარალებულობა, ის არცერთი გარიგების მონაწილე არ იყო, სახელმწიფო კი ედავება თაღლითობაში, ამ დროს მის საქმეში თაღლითობის ნიშნები არ არსებობს… მოწმეებმა მისცეს ობიექტური ჩვენებები, მაგრამ მას შემდეგ, რაც პროკურატურის მხრიდან განხორციელდა ზეწოლები, მათ ჩვენებები შეცვალეს“, – ამბობს ლევან გაბუნიას ადვოკატი თემურ გოგსაძე.
მისივე თქმით, შვილმოკლული მამა სამივე ხელისუფლების მძევალი აღმოჩნდა და არცერთ ეტაპზე არ მოხდა მისი შვილის მკვლელობის ობიექტური გამოძიება, სანაცვლოდ კი, ადვოკატის თქმით, თავად დასვეს ბრალდებულის სკამზე.
„პრაიმტაიმი“ აქვე შეგახენებთ, რომ ლევან გაბუნია, საკუთარი შვილის, 21 წლის გიორგი გაბუნიას მკვლელობაში კორტების სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილს ადანაშაულებდა და აცხადებდა:
„2002 წელს ზურაბ ვაზაგაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად ბექა პაპუაშვილი მოკლა, რისი მოწმეც ჩემი შვილი იყო. ერთი წლის შემდეგ, ჩემი შვილი, როგორც მოწმე, მოიშორა ვაზაგაშვილმა, რომ მას პასუხი არ ეგო. 2002 წელს არ აგო პასუხი პაპუაშვილის მკვლელობაზე, მაგრამ 2003 წელს მთავრობა შეიცვალა და შიშით, რომ ახალ მთავრობას შეიძლება საქმე გამოეძიებინა, მოწმე მოიშორეს.