საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო თასზე გამგზავრებამდე მომზადება სამხედრო ბაზაზე გაიარა. ნაკრების წევრები ერთი დღით მუხროვანში მდებარე სპეციალური ოპერაციების ბაზას ესტუმრნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეების დახმარებით და მათ მიერ შედგენილი პროგრამის შესაბამისად, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება გაიარეს. წვრთნები ძირითადად ისეთ კომპონენტებს შეიცავდა, რომელიც სპორტსმენების სისწრაფის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის უნარ-ჩვევების გამოცდასა და მათ გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული.
სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელებისა და სამხედრო მოსამსახურეების თქმით, მათ ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიმართ მხარდაჭერა ამ ფორმითაც გამოხატეს. ბაზებზე მსგავსი ვიზიტები სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაღრმავებასაც უწყობს ხელს.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები იაპონიაში, მსოფლიო თასზე ასპარეზობისთვის სექტემბერში გაემგზავრება.